საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. მორიგი სასამართლო მოსმენა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.
საპროტესტო აქციაში თავად ტელეკომპანიის თანამშრომლები, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“, ასევე არასაპარლამენტო პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ხელოვნების მოღვაწეები მონაწილეობენ. შეკრებილები ხელისუფლებას თავისუფალ მედიაზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.
„მთავარი მოთხოვნა მოსამართლის აცილებაა… ის წარმოადგენს არა ქიბარ ხალვაშს (თუმცა, მის სასარგებლოდ აპირებს გადაწყვეტილების მიღებას), არამედ სახელმწიფოს, თუმცა ქიბარ ხალვაშიც არის სახელმწიფო. მოსამართლის მიერ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული, „რუსთავი 2“-სთვის ის აპრიორი არის უკანონო და უსამართლო“, — განაცხადა არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
გვარამიას განმარტებით, საქმე სასამართლო კომისიამ უნდა განიხილოს და არა ერთმა მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ, მისი მიკერძოებულობის გამო.
„მოვითხოვთ, მოსამართლე ურთმელიძე წავიდეს სახლში ამ საქმიდან. სხვა ვითარებაშიც და სხვა საქმეებიდანაც უნდა წავიდეს, მაგრამ ეს მისი და სადისციპლინო საბჭოს გადასაწყვეტია. მაგრამ ამ საქმიდან უნდა წავიდეს სახლში და საქმე განიხილოს სხვა, მიუკერძოებელმა მოსამართლემ. საუკეთესო შემთხვევაში, საქმე უნდა განიხილოს სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ, რომ ეს კოლეგია იყოს ნაკლებად მოწყვლადი“, — აღნიშნა გვარამიამ.
„რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ამ სასამართლოს საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი პროცესი უწოდა.
„სასწორზე არ არის უბრალო სამოქალაქო დავა, სასწორზე არ დგას — ვინ იქნებიან მფლობელები რუსთავი ორის, როგორც რომელიღაც რიგითი კომპანიის, სასწორზე დევს ქართული დემოკრატია, მედიის თავისუფლება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, შეიძლება ითქვას, საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი და ის არ უნდა გადაწყვიტოს ერთმა, მით უმეტეს, მიკერძოებულმა მოსამართლემ“, — თქვა მან.
გასულ კვირას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი იმის შესახებ, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დედას სიძის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, ხოლო პროკურატურა ამ ფაქტით მანიპულირებს.
თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურამ „რუსთავი 2“ დისკრედიტაციასა და დეზინფორმაციაში დაადანაშაულა. პროკურატურა განმარტავს, რომ ურთმელიძის დედის მიმართ ნამდვილად იყო სისხლის სამართლის საქმე აღძრული, თუმცა არა მკვლელობის მცდელობის მუხლით, არამედ სიძისთვის, ვალერიან სილაგაძისთვის ნაკლებად მძიმე დაზიანებების მიყენების მცდელობის გამო.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ურთმელიძის დედამ, მდინარა გიორგობიანმა 2014 წლის იანვარში სიძე ცულით დაჭრა. იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ოჯახური კონფლიქტი იყო, გამოძიებამ მხარეებს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტისთვის დრო მისცა.
მიუხედავად იმისა, რომ მდინარა გიორგობიანი 75 წლისაა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება უჭირს, სიძე არ დათანხმდა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას. 2015 წლის 24 სექტემბერს სილაგაძე დაზარალებულ მხარედ ცნეს, ხოლო 12 ოქტომბერს გიორგობიანს ბრალი წაუყენეს.
მდინარა გიორგობიანისთვის აღკვეთის ზომა არ შეურჩევიათ, ვინაიდან არ არსებობდა კანონით გათვალისწინებული არანაირი საფუძველი. პროკურატურაში განაცხადეს, რომ რამდენადაც ძიება პრაქტიკულად დასრულებულია, საქმე უახლოეს დღეებში გადაეცემა სასამართლოს არსებითი განხილვისთვის და ეს ფაქტი „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის აბსურდულობას ადასტურებს.
http://sputnik-georgia.com/society/20151019/228820653.html#ixzz3p6Gho8HW