საზოგადოება
„ყველა დამნაშავე პირმა უმოკლეს დროში უნდა აგოს პასუხი!"- სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი

1uCa-sazog-1საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. სახალხო დამცველი წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გამოძიება უმოკლეს ვადებში უნდა დასრულდეს, მის მიმდინარეობას კი სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს გაუწევს.

"უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითებზე მომუშავე დროებითმა კომისიამ, რომლის წევრი სახალხო დამცველიც იყო, ფარული ჩანაწერების დიდი ნაწილის განადგურებაზე უარი თქვა მხოლოდ იმ მიზნით, რომ გამოძიება სრულყოფილად ჩატარებულიყო და ყველა დამნაშავე პირს პასუხი ეგო. მუშაობის დასრულების შემდეგ, 2014 წლის 31 იანვარს კომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში და რეკომენდაცია მისცა შესაბამის ორგანოებს, ეფექტური გამოძიება ჩაეტარებინა უკანონო ქმედებებში მონაწილე პირთა დასჯის მიზნით. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა, ერთის მხრივ ყველა ზომა უნდა გაატარონ მსგავსი კადრების გავრცელების პრევენციისათვის, ხოლო გავრცელების შემთხვევაში, ისე როგორც ეს 17 ოქტომბერს მოხდა, ყველა დამნაშავე პირმა უმოკლეს დროში უნდა აგოს პასუხი", - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.