აქტუალური
თინა ხიდაშელი: „საქართველოს ხელისუფლებას არც აგვისტოს ომის დროს, არც მის შემდეგ და არც მანამდე სამხედრო დანაშაული არ ჩაუდენია! სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს რუსმა სამხედროებმა, რომლებიც ცოცხლად წვავდნენ ადამიანებს სახლებში და აწამებდნენ!“

1khida-aqtual-1-analitსაქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. სრული კატეგორიულობით ვაცხადებ, რომ არავითარი სამხედრო დანაშაული ქართულ სახელმწიფოს არ ჩაუდენია, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა.

მისი თქმით, ის პასუხს აგებს ყველა სიტყვასა და შეფასებაზე, რომელიც წერია 2009 წელს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გამოცემულ ანგარიშში, სახელწოდებით "აგვისტოს ნანგრევებში".

როგორც ხიდაშელმა განცხადა, აღნიშნულ ანგარიშში ყველაზე ღირებული არის ფოტოები, რომლებიც 12 აგვისტომდე და 12 აგვისტოს შემდეგ არის გადაღებული. მისივე თქმით, ფოტოებიდან ჩანს, რომ საომარო მოქმედებების დასრულების შემდეგ, მოხდა სოფლების განადგურება, ადამიანებს სახლებში წვავდნენ.

"ჩვენ აქ დამტკიცებული გვაქვს ათეულობით საქმე, სადაც ცოცხალი ადამიანები სახლებში დაწვეს. ყველა შემთხვევაში დასტურდება რუსული სამხედროების კვალი, როდესაც ჯარისკაცებს, ანუ ომის ტყვეებს აწამებდნენ და როდესაც საკმაოდ დიდი რაოდენობით სამოქალაქო მოსახელობა ჰყავდათ დაპატიმრებული. ეს დავამტკიცეთ ჩვენ, რომ ამ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლი ჰქონდათ რუსულ სამხედრო ძალებს და ყველაზე დიდი მასშტაბის ომის დანაშაული ჩადენილი იყო საომარი მოქმედების დასრულების შემდეგ", - განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, არც მის შემდეგ და არც მანამდე სამხედრო დანაშაული არ ჩაუდენია.

"რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული, დღეს ეს ჩემთვის გაცილებით ადვილი სათქმელია, ვიდრე 2009 წელს, რადგან დღეს, როგორც თავდაცვის მინისტრს, ხელი მიმიწვდება იმ ტიპის ინფორმაციაზე, რაზეც მაშინ წვდომა არ მქონდა და კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ უზარმაზარი შეცდომები იყო დაშვებული, მაგრამ ეს შეცდომები დაშვებული იყო ქართველი სამხედოების მხრიდან, ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ამას არაფერი საერთო არ აქვს ომის დანაშაულთან. ერთადერთი სუსტი წერილი, რაც ჩვენ გვაქვს და ამაზე იყო საუბარი, ეს არის თავდასხმა რუს სამშვიდობოებზე. მსგავსი არგუმენტაციის საფუძველი არ არსებობს, რადგან რუსმა ე.წ. სამშვიდობოები 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში თვითონ გავიდნენ იმ მანდატიდან, რომელშიც მსახურობდნენ", - განაცხადა ხიდაშელმა და დასძინა, რომ ამის დამტკიცება ქართულ მხარეს კონკრეტული ფაქტების საფუძველზე შეუძლია.

თავდაცვის მინისტრი სრული კატეგორიულობით აცხადებს, რომ არავითარი სამხედრო დანაშაული ქართულ სახელმწიფოს არ ჩაუდენია.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ მოსამართლეებს საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ავრცელებს. ფატუ ბენსუდა გუშინ საქართველოში იმყოფებოდა.