პუბლიკაციები
მთავარი პროკურატურის განცხადება ე.წ. „კასრების საქმესთან“ დაკავშირებით

1wameba-ANAL-geoსაქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. 17 ოქტომბერს მედიასაშუალებებით გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, რომელშიც ნაჩვენებია წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ფაქტები, საქართველოს მთავარი პროკურატურა განმარტავს,   რომ  2013 წლის 15 ივნისს დაიწყო გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობისა და ფეთქებადი ნივთიერების, უკანონოდ შენახვის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გამოძიების ფარგლებში  დათვალიერდა ზუგდიდის რაიონის, სოფელ ნარაზენის მიმდებარე ტერიტორია, სადაც  ნანახი იქნა მიწაში დამარხული რვა კასრი, რომლებშიც აღმოჩნდა დიდი ოდენობით სხვადასხვა სახეობის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი ნივთიერებები, ნარკოტიკული საშუალებები და ვიდეოფირები. ამოღებულ ვიდეოფირებზე აღმოჩნდა წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

აღმოჩენილ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წელს ორ პიროვნებას, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და მიიყვანეს ზუგდიდის რაიონის ტყეში არსებულ  სპეციალურად მოწყობილ კონსპირაციულ მიწურში, სადაც შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთ. სამმართველოს უფროსის მოადგილემ  მეგის ქარდავამ,  ამავე სამმართველოს  თანამშრომლებმა  კოხტა კოდუამ, დავით ჩაგინავამ, თავდაცვის სამინისტროს  დეპარტამენტის  უფროსის  მოადგილემ  კობა თოდუამ და თეიმურაზ უბირიამ არარსებული ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მისაღებად სასტიკად სცემეს, გააშიშვლეს, დააბეს მაგიდაზე და აწამეს. ამის შემდეგ აღნიშნულ პირების ბოლომდე გატეხვის მიზნით მათზე განხორციელდა გაუკუღმართებული სექსუალური კონტაქტი ძალადობით. აღნიშნულ სასტიკ ძალადობრივ ქმედებებს ვიდეო კამერით იღებდა კოხტა კოდუა.

წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოფირები მტკიცებულების სახით დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და საქმესთან ერთად  წარიმართა არსებითად განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში. საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეოფირები გადაეცა დაცვის მხარესაც.

აღნიშნულ საქმეზე ბრალდების მხარის მრავალთვიანი მუშაობის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი თერთმეტი პირი, კერძოდ:

მეგისი ქარდავა, დავით ჩაგინავა და კოხტა კოდუა ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 138-მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1441-მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ზ“და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტის ძალადობით დამყარებას, წამებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. მათ საბოლოო სასჯელის ზომად  9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

კობა თოდუა ცნობილ იქნა დამნაშავედ - სსკ-ის 1441-მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ზ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს წამებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. კ.თოდუას საბოლოო სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

თემურ უბირია ცნობილ იქნა დამნაშავედ  - სსკ-ის 138-მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტის ძალადობით დამყარებას და მას საბოლოო სასჯელის ზომად 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

პაატა ქირია, გურამ ჭითანავა, გიორგი ბულია ცნობილი იქნენ დამნაშავედ - სსკ-ის 143-მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და მათ საბოლოო სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით განესაზღვრათ.

ირაკლი ახალაია ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 376-მუხლით, რაც გულისხმობს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობას და მას საბოლოო სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვის ვადით განესაზღვრა.

მარლეს ხვიტია და გოჩა შონია ცნობილ იქნენ დამნაშავედ სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, ვინაიდან მათ აღიარეს ჩადენილი დანაშაული და არსებითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან, ასევე საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას გათვალისწინებული იყო ის გარემოება, რომ მათ შემხებლობა არ ჰქონიათ დაზარალებულების წამებასა და ძალადობრივ სქესობრივ დანაშაულთან. მ.ხვიტიასა და გ.შონიას საბოლოო სასჯელის ზომად 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

რუსლან შამახია სამეგრელო ზემო-სვანეთის შს კუდ-ის ყოფილი უფროსი, რომელსაც ბრალი ედებოდა სსკ-ის 1441  მუხლის მეორე ნაწილის  „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილით, სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის  143-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტის ძალადობით დამყარებას, წამებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, წარდგენილ ბრალდებაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა უდანაშაულოდ.

ამჟამად მსჯავრდებულები მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა იმყოფებიან  მიმალვაში და მათ მიმართ  მიმდინარეობს საერთაშორისო ძებნა. ასევე საერთაშორისო ძებნა მიმდინარეობდა დავით ჩაგინავას მიმართ, რომელიც საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაკავებული იქნა საზღვარგარეთ და მოხდა მისი ექსტრადირება საქართველოში.

განაჩენი  გასაჩივრებულია ბრალდების მხარის მიერ და თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა. ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვს რუსლან შამახიას გამტყუნებას, ასევე წამებასა და  გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტის ძალადობით დამყარებაში მსჯავრდებულების სასჯელის დამძიმებას.