პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „ჩვენ ვიქნებით პირველი ქვეყანა მთელს ევროპის კონტინენტზე, რომელსაც ექნება თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან”

polit-3-analitსაქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. 15-16 ოქტომბერს, თბილისი პირველად აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს, რომელიც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაარსდა. ფორუმის მნიშვნელობაზე მთავრობის მეთაურმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
პრემიერმა ფორუმის დაარსების ინიციატივა გასულ წელს, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა. აბრეშუმის გზის აღდგენა ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივაა, რომელსაც საქართველო გამოეხმაურა.

ფორუმს 30-ზე მეტი ქვეყნის 1000-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება, მათ შორის 300-მდე მსხვილი ჩინური კომპანიის ხელმძღვანელი პირები და ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლები.

რაც ყველაზე მთავარია, ჩინეთის მთავრობის თხოვნა იყო, გამხდარიყვნენ ღონისძიების თანაორგანიზატორები, რასაც ჩვენ სიამოვნებით დავთანხმდით. საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა და საჭიროა ამის მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება. ვფიქრობ, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა. ჩინეთში ვიზიტისას ჩინეთის პრემიერმა დამიდასტურა მზაობა, რომ ჩინეთი იწყებს მოლაპარაკებებს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და ჩვენ ვიქნებით პირველი ქვეყანა მთელს ევროპის კონტინენტზე, რომელსაც ექნება თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან. ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ საქართველო გახდება უნიკალური ადგილი, რომელსაც ექნება თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, რუსეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან და ჩინეთთან, რომელიც მილიარდ 500 მილიონი მომხმარებლის ბაზარია.