საზოგადოება
„განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდები, რომელთაც სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გაიარეს, საჯარო უწყებებში დასაქმდებიან“ - ღარიბაშვილი

1-axalgaz-SAZOG-1საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. დასაქმების პროგრამის შესახებ ინფორმაცია კურსდამთავრებულებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიაწოდა.
"მოახმარე შენი ცოდნა სამშობლოს!"- სწორედ ამ იდეაზე დავაფუძნეთ განათლების პროექტი. აღნიშნული პროგრამა არის ყველაზე წარმატებული, რაც მე ძალიან მახარებს. მჯერა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ახალგაზრდების განათლებაში ჩადებული თითოეული ინვესტიცია არის ყველაზე გონივრული ინვესტიცია და ქვეყანას ასმაგად დაუბრუნდება", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა კურსდამთავრებულებს სამშობლოში დაბრუნებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, წლების განმავლობაში ხდებოდა ახალგაზრდების გადინება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომლებიც უცხოეთში სწავლის შემდეგ უკან აღარ ბრუნდებოდნენ.

"ჩვენში არის სერიოზული გონებრივი კაპიტალი, რასაც სათანადოდ ვერ ვიყენებთ და არ ხდება ჩვენი სამშობლოსთვის ამ კაპიტალის გამოყენება. მთავარი მიზანი ამ პროექტის იყო ის, რომ სწორი გზა მიგვეცა ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის. ორი წლის განმავლობაში ჩვენ 200-მდე სტუდენტის სწავლა დავაფინანსეთ და ვიკისრეთ ვალდებულება, რომ დაბრუნებისთანავე უზრუნველვყოფთ თქვენს დასაქმებას სახელმწიფო სტრუქტურებში. დღეს სწორედ ამ მიზნით შევიკრიბეთ, რომ უკვე გადავწყვიტოთ და თქვენი ცოდნისა და პროფესიის შესაბამისი სამსახურები შემოგთავაზოთ",- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეხვედრის დასასრულს მთავრობის მეთაურმა 14 ახალგაზრდას კურსდამთავრებულთა სერტიფიკატი გადასცა.