საქართველოს გარშემო მალე, სავარაუდოდ, არნახული სკანდალი ატყდება, რომელიც „ვიკილიქსის“ სენსაციურ გამოაშკარავებებსაც კი დაჩრდილავს. საქმე საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მაღალ ეშელონებში გაჩაღებულ კორუფციას, კონკრეტულად კი ქართველი სახელმწიფო მაღალჩინოსნის მიერ დაახლოებით 4 მილიონი ევროს დატაცებას ეხება, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრმა–ქვეყანამ საერთაშორისო დახმარების ფარგლებში გამოუყო.
საინფორმაციო–ანალიტიკურმა სააგენტო საქინფორმმა, აშკარად კარგად ინფორმირებული და ინკოგნიტოდ დარჩენის მოსურნე, უცხოური წყაროსგან, რომელმაც ბრიუსელში ქართული დიასპორის წევრად თავი წარმოგვიდგინა, შეიტყო, რომ 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების შემდეგ გერმანიამ საქართველოს 8 მილიონი ევრო გამოუყო საბრძოლო მოქმედებების დროს გორის დაზარალებული საცხოვრებელი სექტორის აღსადგენად.
წყაროს მტკიცებით, ახლახან გერმანიის მთავრობამ, საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, შვეიცარიელი ჰაიდი ტალიავინის მონაწილეობით, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარი კონფლიქტის გარემოებების შემსწავლელ საერთაშორისო კომისიას ხელმძღვანელობდა, საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი სახსრების (8 მილიონი ევრო) მიზნობრივი დანახარჯების შემოწმება ჩაატარა.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მიზნობრივი საჭიროებებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ საწყისი თანხის მხოლოდ ნახევარი დახარჯა, ხოლო დანარჩენი ნაწილი, კომპეტენტური ევროპელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, შიდა ქართლის მაშინდელმა სამხარეო გუბერნატორმა ვლადიმერ (ლადო) ვარძელაშვილმა მიითვისა. (გამორიცხული არაა, რომ სწორედ ეს უკანონოდ მითვისებული სახსრები დაეხმარა მას მომავალში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა „მინისტრის პორტფელი“ შეეძინა, რომელ თანამდებობაზე დღეს მოღვაწეობს კიდეც).
იმავე წყაროს რწმუნებით, მიუხედავად სოლიდური ექსპერტების უკიდურესი აღშფოთებისა, ოფიციალური ბერლინი ჯერჯერობით თავს იკავებს ამ ფაქტის ღიად გამოცხადებისგან, რადგან სურს ამ საკითხის დამატებით განხილვა ევროკავშირის სტრუქტურებში და საქართველოს ხელისუფლებისგან ამომწურავი ინფორმაციის მიღება. საქართველოს ხელისუფლებამ კი ყველაფერი ჩინებულად იცის მომხდარის შესახებ, მაგრამ ამას საზოგადოებას უმალავს, რადგან ევროპელებისათვის გერმანიის მთავრობის მიერ გორის ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოყოფილი სახსრების „მართებული“ (მიზნობრივი) გამოყენების გაყალბებული მტკიცებულებების წარდგენას აპირებს.
საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი, როგორც ეს მითითებულია კიდეც სააგენტოს ვებ-საიტზე www.saqinform.ge, მკითხველს მხოლოდ აწვდის ინფორმაციას და პასუხს არ აგებს სააგენტოსთვის მოწოდებული საავტორო მასალებისა და ახალი ამბების უტყუარობაზე. ამგვარი კონფიდენციალური ინფორმაციის გადამოწმება კი, მკითხველისთვის გასაგები ობიექტური მიზეზების გამო, ჩვენთვის შეუძლებელია.
რაც შეეხება წყაროს, მის მიერ ქართული ენის თავისუფლად ფლობის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იგი, დიდი ალბათობით, ნამდვილად ჩვენი თანამემამულეა რომელიმე ქართული დიასპორიდან.