უცხოეთი
„გაზპრომი“ საქართველოში ბრუნდება

1-gazpr-zar-3-anსაქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. გაზპრომი“ საქართველოში ბრუნდება – ამ სათაურით სტატიას რუსული გამოცემა „კომერსანტი“ აქვეყნებს და წერს, რომ რუსული ენერგოგიგანტი ქართულ მხარესთან სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტისა და თბილისისთვის მიწოდების მოცულობის გაზრდის საკითხს განიხილავს.
გამოცემის მონაცემებით, ტრანზიტის ზრდა რუსულ მონოპოლისტს სომხეთში რაზდანის თბოელექტროსადგურის დატვირთვისთვის ესაჭიროება, და ეს იმ ფონზე, როდესაც საქართველო, რომელსაც გაზს ძირითადად აზერბაიჯანი აწვდის,  SOCAR–ისგან ვერ იღებს დამატებით მოცულობებს მოპოვების პრობლემების გამო.

გარიგების პარამეტრების განხილვები შესაძლოა უახლოეს მომავალში დაიწყოს.

საქართველო არცთუ დიდი მომხმარებელია, თუმცა ასეთი დამატებითი მოცულობაც კი შესაძლოა სასარგებლო იყოს „გაზპრომის“ როგორც შემოსავლების, ისე იმიჯისთვის მიმდინარე ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიტუაციაში,“ – წერს რუსული „კომერსანტი.“

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველო დაინტერესებულია რუსეთიდან სომხეთში სატრანზიტო მილსადენის დატვირთვის გაზრდით, და ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემაც განაცხადა. მისი თქმით, თბილისი ასევე ელოდება გაზის „გაზპრომისგამ“ შესყიდვის ზრდას ადგილობრივი კომპანიების მხრიდან.

გამოცემას მოჰყავს კალაძის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოში გაზის ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია, და რომ საქართველო ისურვებდა რუსეთისგან უფრო მეტი გაზის მიღებას, რომელიც კონკურენციას გაუწევს აზერბაიჯანულ გაზს.

სამინისტრო ასევე განიხილავს გაზის მიღებას ირანიდან, სომხეთის გავლით.

საქართველო ამ ეტაპზე გაზს იღებს „გაზპრომისგან“ და აზერბაიჯანული „სოკარისგან, 2014 წელს მიწოდებამ შესაბამისად 0,3 მილიარდი და 2,1 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. რუსულ გაზს საქართველო იღებს სომხეთში ტრანზიტის საფასურის სახით.

გარდა ამისა, საქართველო იღებს 800 მილიონი კუბური მეტრის გაზს აზერბაიჯანიდან „შაჰ–დენიზის“ პროექტის პირველი ფაზიდან შეღავათიან ფასად – დაახლოებით 60 დოლარად ათას კუბურ მეტრზე. „სოკარს“ ასევე ყავს კონტრაქტები „სოციალურ“ და კომერციულ გაზზე. ბოლო კონტრაქტის თანახმად, მიმდინარე ფასი ერთ კუბურ მეტრზე 192–193 დოლარს შეადგენს.

რუსული „კომერსანტის“ ინფორმაციით, ქართული მხარე „გაზპრომს“ სთავაზობს, განხილულ იქნას გაზის შეძენის შესაძლებლობა კერძო ქართული იმპორტიორების მიერ უშუალოდ „გაზპრომისგან“ „კონკურენტულ ფასად.“ სომხეთისთვის დღეს რუსული გაზის ფასი 165 დოლარია.

გამოცემის ინფორმაციითვე, საქართველოს რუსული მონოპოლისტისგან გაზის შეძენა არა მხოლოდ იმპორტირებული გაზის ფასის შემცირების, არამედ იმის გამოც სურს, რომ  SOCAR–ს არასაკმარისი გაზი აქვს და აზერბაიჯანს მიწოდების მოცულობების გაზრდის შესაძლებლობა არ გააჩნია.

„გაზპრომში“ ამ თემაზე კომენტარებს არ აკეთებენ, თუმცა რუსულ „კომერსანტს“ რუსეთის მხარის წარმომადგენელმა დაუდასტურა მოლაპარაკებების ფაქტი. მისი თქმით, კონტრაქტის დეტალების, მათ შორის გაზის მოცულობისა და ფასის, განხილვა უახლოეს დღეებში დაიწყება.

Sberbank Investment Research–ის წარმომადგენლის ვალერი ნესტეროვის შეფასებით, „გაზპრომი“ საქართველოში გაზის დიდი მოცულობით ექსპორტს არ დაიწყებს, თუმცა „ახლა რთული ვითარებაა, როდესაც მნიშვნელოვანია ასევე საიმიჯო მხარეები, ისეთი როგორიცაა ძველ ბაზრებზე დაბრუნება.“

2007 წელს „გაზპრომი“ საქართველოს გაზით სრულად უზრუნველყოფდა. თუმცა მოგვიანებით ბაზარი პრაქტიკულად დაკარგა. ნესტეროვის შეფასებით, მცირე დამატებითი მიწოდებებიც კი კარგად იქნება აღქმული ყოფილი სსრკ–ს ბაზრებზე „გაზპრომის“ ექსპორტის დინამიკაში არსებული „საშინელი მდგომარეობის“ ფონზე. ექსპერტის შეფასებით, აღნიშნული ბაზრებიდან საიმედო მომხმარებლებიდან მხოლოდ ბელორუსი დარჩა.

შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბერს ბრიუსელში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე რუსული  ენერგოგიგანტის „გაზპრომის“ ხელმძღვანელს ალექსეი მილერს შეხვდა.

http://bfm.ge/biznesi/gazpromi-saqartveloshi-brundeba/