სამართალი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორიამ გაეროში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

1-zamn-samart-1საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. ნიუ–იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ–ბინაში, გენერალური ასამბლეის 70–ე სესიის ფარგლებში, საქართველოს მთავრობისა და გაერო–ს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის ინსტიტუტის (UNICRI) ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სამოქმედო გეგმები საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ და ხელოვნული ინტელექტის აქტუალობა“.

ღონისძიებაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დელეგაციას სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგელობაშია ასევე საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ირაკლი ბერაია.  ლევან იზორიამ სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და გააცნო ქბრბ უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მთავრობის ერთიანი მიდგომის შედეგად გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო ხედვები.  გამომსვლელთა შორის იყვნენ  გაერო-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი კახა იმნაძე, UNICRI-ს დირექტორი, ევროკავშირისა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წარმოდგენლები, ფილიპინებისა და მაროკოს მისიის ხელმძღვანელები. სხვადასხვა საკითხებთან ერთად შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები, ამოცანები და კონკრეტული ღონისძიებები. ღონისძიების ფარგლებში, ლევან იზორიამ ასევე გამართა შეხვედრები დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, საქართველოს ქბრბ ეროვნული სამოქმედო გეგმის ცალკეული აქტივობების დაფინანსების მიზნით.