საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს ხელისუფლების ლობისტური საქმიანობის შესახებ საკითხი შეისწავლეს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ლაშა ციბაძის განცხადებით, 2004 წლიდან 2011 წლის მეორე ნახევრამდე, საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკაში ლობისტურ მომსახურებაზე მინიმუმ 5,5 მლნ დოლარი დახარჯა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველომ 1.666 მლნ. ამერიკული დოლარის ღირებულების კონტრაქტები დადო ამერიკელ ლობისტებთან. 2004 წლის დასაწყისიდან, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, საქართველომ დახარჯა 2.619 მლნ. ამერიკული დოლარი აშშ-ში თავისი პოლიტიკური იმიჯის გამოსასწორებლად.
ლაშა ციბაძის განცხადებით, ლობისტური საქმიანობისთვის ყველაზე დიდი თანხები 2003-2012 წლებშია გახარჯული, იმ პერიოდში, როდესაც სისტემურად „გადასცემდნენ“ მოქალაქეები საკუთარ ქონებას სახელმწიფოს უსასყიდლოდ, როდესაც მიმდინარეობდა „დაუმორჩილებელი“ ბიზნესის ტერორი. ამ ყველაფრის საფუძველზე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ლობისტურ კომპანიებზე მილიონობით გადარიცხული თანხა უკანონოდ მოპოვებული თანხების კანონონიერად წარმოჩენის საშუალებაა.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგომ ხელისუფლების ლობისტური საქმიანობის ანალიზიც მოახდინეს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციის საფუძველზე, მთავრობის ლობისტური საქმიანობა მთლიანად მიმართულია ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შეუფერხებელი და თანმიმდევრული განხორციელების მიზნით. ამასთან, მთავრობა ლობისტური საქმიანობისთვის ფინანსურ სახსრებს არა ქვეყნის ბიუჯეტიდან, არამედ სარეზერვო ფონდიდან მიმართავს. 2013, 2014 და 2015 წლებში, მთავრობამ სამი კონტრაქტი, სამ სხვადასხვა უცხოურ კომპანიასთან: “Pattion Boggs”, “Squire Pattion Boggs” და „Pillsbury Winthrop shaw pittman llp”-თან გააფორმა. კონტრაქტების საერთო ღირებულებამ შეადგინა 4 705 076, 85 ლარი.