პოლიტიკა
„არავითარი კონფლიქტი არ ყოფილა პრეზიდენტსა და გენერალური შტაბის უფროსს შორის - ჭიქა ისროლა ვახტანგ დოლიძემ!” - თინა ხიდაშელი

1Wika-polit-3-analitსაქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემა „ბარიერში“ სტუმრობისას ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესა და სამხედრო მოსამსახურე ვახტანგ დოლიძეს შორის მომხდარ ინციდენტზე განმარტება გააკეთა.

„არავითარი კონფლიქტი არ ყოფილა პრეზიდენტსა და გენშტაბის უფროსს შორის. არათუ ჭიქების სროლა, სიტყვიერი შელაპარაკებაც არ ყოფილა. ჭიქა ისროლა ვახტანგ დოლიძემ, რომელიც ამჟამად აშშ-ში არა სამსახურებრივი მივლინებით, არამედ, საკუთარი ინიციატივით იმყოფება. ის არის პატივსაცემი ადამიანი, ავღანეთში არის დაჭრილი და უზარმაზარ პატივს ვცემ ასეთ ადამიანებს. ვფიქრობ, ცოცხალი გმირები არიან და მუდმივად ამ დამსახურების აღიარების მდგომარეობაში იქნებიან. თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ასეთ დროს განსაკუთრებულად მოგეთხოვება... იგი საუბრობს 2011 წელს მომხდარ ინციდენტზე და ამბობს, რომ საკითხი სათანადოდ არ გამოიძიეს. დავინტერესდი ამ საკითხით და გენერალური ინსპექციიდან მომიტანეს 2011 წლის ინციდენტთან დაკავშირებული სრული მასალა. უნდა შევისწავლო ეს მასალა. თუ გამოიკვეთა დარღვევა და ამ პროცესში მონაწილე ადამიანი დღემდე მუშაობს სამინისტროში, რა თქმა უნდა, ის პასუხს აგებს“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობა, თავის მხრივ, ეკისრება სამხედრო მოსამსახურეებსაც და ვაშინგტონში მომხდარი ინციდენტის გამო ვახტანგ დოლიძემ, წესით, ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან ეს სამხედროსთვის უღირსი საქციელია.