პოლიტიკა
ჯუმბერ კირვალიძე: "დასავლეთი რუსეთის გარეშე, ვერც ომს და ვერც დიალოგს შეძლებს ისლამურ სამყაროსთან!”

1jumber-polit-1-analtსაქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. ქართველი პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე:
„ერთი კვირის წინ, რუსეთის ჩაბმამ საომარ მოქმედებებში სირიის ტერიტორიაზე სხვადასხვა ინტერპრეტაციები გამოიწვია ქართულ პოლიტიკურ რეალობაში. რას არ მოისმენდით ჩვენი პოლიტიკოსებისა და ექსპერტებისგან, გარდა იმისა, რომ სსრკ–ის დაშლის შემდეგ უკვე 24 წელი გავიდა და რუსეთმა პირველად გამოიყენა საკუთარი სამხედრო ძალები პოსტსაბჭოთა სივრცის მიღმა, რაც მიუთითებს მისი როლის და მნიშვნელობის აღიარებაზე საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე. აღსანიშნავია ისიც, რომ დასავლეთში რუსეთის ამ ნაბიჯმა, არათუ პროტესტი გამოიწვია, არამედ დიდი მოწონება დაიმსახურა ევროპის პოლიტიკურ წრეებში (ევროპაში, არაბი ემიგრანტების მასიური შედინების ფონზე). ამიტომ, პარალელების გავლება 20 საუკუნის 70–80 იანი წლების ავღანეთსა და თანამედროვე სირიას შორის, რასაც ხშირად გაიგონებთ ჩვენში, "რუსეთის მცოდნეებისგან", აბსოლუტურად უადგილოა. მეტიც, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში აზვირთებულმა ისლამური ფუნდამენტალიზმის და ტერორიზმის ტალღამ (ალ–ქაიდა, თალიბანი, ისლამური ხალიფატი და სხვა), დასავლეთის სახელმწიფოების და საზოგადოებების დიდი უმრავლესობა მიიყვანა იმ პოზიციამდე, რომ ამ საკითხში დასავლეთის და რუსეთის თანამშრომლობა ორივე მხარის სასიცოცხლო ინტერესებშია! აქედან გამომდინარე, დასავლეთი რუსეთის გარეშე, ვერც ომს და ვერც დიალოგს შეძლებს ისლამურ სამყაროსთან და იგი განიხილება დასავლეთის პარტნიორად ამ მიმართულებით! წინააღმდეგ შემთხვევაში, დასავლეთი მიიღებს იმ შედეგს, რაც სახეზეა ერაყში, ლიბიაში, სირიაში, რამაც წარმოშვა და გაამძაფრა ისლამური ექსტრემიზმი და ტერორიზმი, რომელიც წალეკვით ემუქრება, როგორც დასავლეთს ისე რუსეთს, მთლიანობაში კი ცივილიზებულ სამყაროს! კარგი იქნება, თუ ჩვენი ხელისუფლება, ზოგადად პოლიტიკური სპექტრი გაითვალისწინებს ამ მოცემულობას და ამ საკითხთან დაკავშირებით თავს დაანებებს "რუსეთის როლის უადგილო განქიქებას", რადგანაც სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, უწინარესად დასავლეთის თვალში, ეს კი ცუდად მოუბრუნდება საქართველოს!”.