საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული ძალების სარდლობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. სარდლობის მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ხელმძღვანელობით, ვირჯინიის შტატში, სარდლობის შტაბ-ბინაში ნორფოლკში გაიმართა. გენერალი ჟან-პოლ პალომეროსი აღნიშნულ თანამდებობაზე ფრანგმა გენერალმა დენის მერსიემ ჩაანაცვლა.
ღონისძიების ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, მის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუსთან და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ პეტრ პაველთან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
ცერემონიის დასრულების შემდეგ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გენერალ ჟან-პოლ პალომეროსს მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“ გადასცა. ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებულ ძალების ყოფილმა სარდალმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედალი ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის, ნატოს „გონივრული თავდაცვის“ („Smart Defence”) ინიციატივის ფორმატში, ინდივიდუალური სწავლების და განათლების პროგრამის შემუშავება-განვითარების და საქართველოს შეიარაღებული ძალების კოალიციური ძალების ქვედანაყოფებთან თავსებადობის ამაღლების პროცესში შეტანილი დიდი წვლილისთვის მიიღო.
![]() |