აქტუალური
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის“ საერთაშორისო მისიაში ჩართვისთვის ქართული კონტინგენტის გაცილების ცერემონიალი გაიმართა

1-islamur-aqtual-1საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. გაცილების ცერემონიალი ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, მოეწყო. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა, 23-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული და ეროვნული გვარდიის ოცეული ავღანეთში აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიას 7 თვის განმავლობაში შეასრულებს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსისა და  თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილეებმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და დავით ებრალიძემ მათ სამშვიდობოებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს.

ჩვენი ქვეყანა ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად აგრძელებს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში თავისი წვლილის შეტანას. მაგრამ ამავე დროს  გვჯერა, რომ ყველგან სადაც ვიცავთ მშვიდობას, ვიცავთ საქართველოს. ამიტომ სიამაყით უნდა ვიყოთ იქ, სადაც ვართ და ვიცოდეთ, რომ ეს არის ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, თქვენი ოჯახებისთვის“, - აღნიშნა, კერძოდ, დავით ებრალიძემ მიმართვისას.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში ქართველი სამხედროების მიერ შეტანილ წვლილზე გაამახვილა ყურადღება: „ქართველი ხალხი უნდა ამაყობდეს სამხედრო მოსამსახურეების სამსახურითა და წვლილით, რომელიც მათ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში შეაქვთ.  საქართველო ასევე უნდა ამაყობდეს ქართველი ჯარისკაცების თავგანწირვით. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ეს პირველი კლასის რიგითი ყულჯანიშვილი გახდა. მეამაყება, რომ ღონისძიებაში ამერიკელი საზღვაო ქვეითებიც მონაწილეობენ“.

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა და ეროვნული გვარდიის ოცეული ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს.