სამართალი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ოთარ ც. დააკავეს

1-grazd-sam-3საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. გამოძიებამ  დაადგინა, რომ ოთარ ც.  აფხაზეთიდან დევნილ ცოლ-ქმარს, საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში სამეგობრო წრის დახმარებით, ამავე სამინისტროს დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში ბინის მისაღებად საჭირო ქულების მომატებას დაჰპირდა,  რის სანაცვლოდ მოითხოვა ფულადი თანხა 8000 ლარი.

ქულების მიღების მიზნით, ოთარ ც-მ დევნილი ცოლ-ქმარი მიიყვანა ქ.თბილისში მდებარე ორ კლინიკაში თავის ნაცნობ ექიმებთან, სადაც მათ ჩაუტარდათ სამედიცინო შემოწმება, რომლის საფუძველზე გასცეს ყალბი სამედიცინო ცნობები - ფორმა N100, რომელთა მიხედვით აღნიშნულ პირებს თითქოსდა აღენიშნებათ ფილტვების ქრონიკული დაავადება.

2015 წლის 28 სექტემბერს ოთარ ც-მ აიღო მის მიერ მოთხოვნილი თანხა 8000 ლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.