აქტუალური
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის 58-ე შეხვედრა გაიმართა

1-ergn-AQTUAL-2საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ირაკლი ბერაია და დეპარტამენტის წარმომადგენლები გორის რაიონის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის რიგით 58-ე შეხვედრას დაესწრნენ.

შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების, მავთულხლართებისა და ღობეების უკანონო აღმართვის ფაქტებზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების შემთხვევებს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. ასევე ისაუბრეს საოკუპაციო ძალების საფრენი აპარატების მიერ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებზე და განაცხადეს, რომ აღნიშნული ქმედება ცალსახად პროვოკაციულ ხასიათს ატარებს. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა 2008 წლის აგვისტოში უგზო-უკვლოდ დაკარგული გრიშა ნალბანდოვის საქმის შესახებ. საუბარი ასევე შეეხო 2014 წლის მარტში გაუჩინარებული, ოკუპირებული ახალგორის მკვიდრის დავით ბაშარულის საკითხსაც, რომლის ცხედარიც 2015 წლის იანვარში ახალგორის რაიონის სოფელ დოლიაანის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. ასევე დაისვა მიმდინარე წლის 16 ივლისს სოფელ წითელუბანში საოკუპაციო ძალების მიერ მოხსნილი დროშის დაბრუნების საკითხი. მომდევნო შეხვედრა 2015 წლის 29 ოქტომბერს გაიმართება.