პოლიტიკა
„ჩვენ გვსურს გვქონდეს საერთო მიზანი, რომელიც გააძლიერებს ქართულ სახელმწიფოს, ესაა ტოლერანტობის, ძმობის და სიყვარულის არჩევანი, რომელიც საუკუნეების წინ ჩვენმა დიდმა მეფეებმა გაკეთეს“ - ღარიბაშვილი

1-tol-POLIT-1-MTAVARსაქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მეჩეთში მუსლიმებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
საქართველო არის უნიკალური ადგილი. ჩვენთან საუკუნეების განმავლობაში ძმურად ცხოვრობდნენ ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები, რომლებიც იზიარებდნენ ჩვენი ქვეყნის სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას. საქართველო უნდა იყოს მშვიდობის, კონსენსუსის, ურთიერთპატივისცემის და სიყვარულის ადგილი. ჩვენ ასე გვესმის, ასე ესმოდათ ჩვენს წინაპრებს და ეს არის ტრადიცია, რომელსაც ერთგულად გავაგრძელებთ. ჩვენი მუსულმანები, ჩვენი მოქალაქეები, არიან ისეთივე თანასწორნი, როგორც ყველა დანარჩენი სხვა რელიგიის წარმომადგენლები. ჩვენი სახელმწიფო არასოდეს დაუშვებს საზოგადოების დაყოფას სხვადასხვა რელიგიების მიხედვით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შესახებ, რომლის შექმნაზე მუშაობა ბიძინა ივანიშვილის დროს დაიწყო და აღნიშნა, რომ  სააგენტომ 74 ნაგებობას მიანიჭა სტატუსი და მუსლიმთა სამმართველოს გადასცა, 20-მდე მეჩეთს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
მთავრობის მეთაურმა მიმართვისას ახლო აღმოსავლეთში, ერაყში, სირიაში არსებულ რთულ ვითარებაზეც ისაუბრა.
ადამიანები, რომლებიც აცდენილნი არიან ჭეშმარიტების გზას, გამოდიან ისლამის ან ქრისტიანობის სახელით და ათასობით ადამიანს არასწორ გზაზე აყენებენ. მთავარი არის ის, რომ ადამიანებს დააკლდათ სიყვარული და აქედან მომდინარეობს ყველა დანარჩენი პრობლემა. ჩვენდა საბედნიეროდ, ჩვენ ჭეშმარიტების გზას არასოდეს გადავუხვევთ. ჩვენი მთავარი ძალაა სიყვარული, რომელიც გვაერთიანებს. მინდა, გისურვოთ მშვიდობა და სიყვარული. ყურბან ბაირამს გილოცავთ“, - მიმართა პრემიერმა თბილისის მეჩეთში შეკრებილ მუსლიმებს.

1-tol-POLIT-1-QVEM