უცხოეთი
საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. "ბიბისის" ცნობით, მას შემდეგ რაც უნგრეთმა სერბეთთან საზღვარი ჩაკეტა, ათასობით თავშესაფრის მაძიებელმა ხორვატიის საზღვარი გადაკვეთა, ისინი ამ გზით ცდილობენ გერმანიამდე ჩასვლას. უნგრეთმა ორ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საზღვარზე პოლიცია და არმია განათავსეს, რომლებიც მიგრანტებს საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ. ლტოლვილების ნაკადის მნიშვნელოვნად ზრდის გამო, უნგრეთის მთავრობამ საიმიგრაციო კანონმდებლობაში ცვლილებებიც შეიტანა. კერძოდ, გაამკაცრა ლტოლვილებისთვის თავშესაფრის მინიჭების პროცედურები. ამას გარდა, საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის გამო მიგრანტს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.