საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2010 წლის ზაფხულში რუსულენოვანი „ პირველი კავკასიური არხი“ მმართველობაში კომპანია „ქეი1“-ს გადასცა, რომელმაც მთავრობის ფონდიდან არხის მუშაობის უზრუნველსაყოფად 4,7 მილიონი ლარი მიიღო, ხოლო 2010 წლის ივნისის განკარგულებით, მთავრობამ საზოგადოებრივ მაუწყებელს 7 მილიონი გამოუყო „პირველი კავკასიურისთვის“.
„ქეი1“-ის დამფუძნებელმა რობერტ პარსონსმა არხის გადაცემის დროს განაცხადა: „ეს უნდა იყოს ობიექტური არხი და საქართველოს მთავრობაც ისევე დაექვემდებარება სამართლიან კრიტიკას, როგორც რომელიმე სხვა მთავრობა ამ რეგიონში“.
საქინფორმისთვის ცნობილი გახდა, რომ არხის კერძო მმართველობაში გადაცემის გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მიიღო, რომლის სამმა წევრმაც თავი შეიკავა პასუხისგან და საბჭოსაც მოუწოდებდა, რომ ნაადრევი გადაწყვეტილება არ მიეღოთ.