დღეს უკვე უპირობოდ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ წინა კვირას ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა რევოლუცია მოახდინეს საქართველოს განვითარებაში - სახელმწიფოს საგარეო და საშინაო პოლიტიკა მათ ეკონომიკურ რელსებზე გადაიყვანეს! მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ამისათვის ივანიშვილსა და ღარიბაშვილს ნობელის პრემიაზე წარადგენდა. სამწუხაროა, რომ საქართველოში არ აღმოჩნდა არცერთი ანალიტიკოსი, პოლიტოლოგი, ექსპერტი, პოლიტიკოსი ანდა ჟურნალისტი, რომლებსაც პოლიტეკონომიის რამე გაეგებათ და ესმით - რას ნიშნავს ეს. საქართველოსთვის ხომ, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნისათვის, მთავარ გამოწვევას წარმოადგენს არა აშშ ანდა რუსეთი, არამედ ეკონომიკა: როცა ის ვითარდება, არ არის უმუშევრობა, ინფლაცია და დევალვაცია, მყარდება ეროვნული ვალუტა, იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტი და ექსპორტი, ხალხი მაძღარი და კმაყოფილია ხელისუფლების წარმატებული პოლიტიკით! ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას და არა პირიქით, ეკონომიკა - ბაზისია, რომლის გარეშეც არ შეიძლება იარსებოს იდეოლოგიურმა ზედანაშენმა.
9 წლის განმავლობაში სააკაშვილის დანაშაულებრივი ხელისუფლება სახლის აშენებას საძირკვლის გარეშე ცდილობდა - ჩვენ მარტო გვატყუებდნენ, რომ ქართველები ევროპელები არიან, რომ ჩვენი იმედი - №1 სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ია, ჩვენი ხსნა კი - ნატოშია. თუმცა დასავლეთს, „ნაცმოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობის განმავლობაში საქართველოში არ გაუხსნია არცერთი საწარმო და გვაწვდიდა მხოლოდ იარაღს და გრანტებს - არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამ სიცრუის პროპაგანდისთვის! განა ადამიანებს იარაღით გამოკვება შეუძლიათ?! მშიერი ხალხის დამონება კი იოლია: სწორედ ევროპული ღირებულებები - სასამართლოს, საარჩევნო სისტემისა და მედიიას თავისუფლება, რომელთა შესახებაც გამუდმებით გაჰყვიროდა „დემოკრატიის შუქურა“ სააკაშვილი - პირველ რიგში უხეშად ირღვეოდა საქართველოში სწორედ მისი პრეზიდენტობისას!
ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა სხვა, ნაკლებად მომხიბვლელ, მაგრამ კლასიკურ გზას მიმართეს და ბაზისის მშენებლობიდან დაიწყეს: რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის, ქართული პროდუქციის ტრადიციულად ხელმისაწვდომ რუსულ ბაზარზე დაბრუნების შემდეგ, მათ გადააქციეს ჩინეთი (რუსეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი ქვეყანა თითქმის მილიარდნახევრიანი მოსახლეობით, მსოფლიოში ყველაზე გიგანტური ბაზრით, ლიდერი, რომლისაც თავად აშშ-ს ეშინია) საქართველოს სტრატეგიულ ეკონომიკურ პარტნიორად! ძალიან მალე საქართველო - მოსახლეობის რიცხოვნობით მარტო პეკინზე ოთხჯერ პატარა ქვეყანა - მიმზიდველი გახდება აფხაზებისა და ოსებისათვის, სწორედ ამ ეკონომიკურ ბაზისზე და არა იარაღის ძალით დავაბრუნებთ უწინდელ მეგობრობას ჩვენს ძმებთან! „ახალი აბრეშუმის გზა“ საქართველოს ააყვავებს, ქართველები კი ქართველებად დარჩებიან და ბედნიერად იცხოვრებენ თავის ქვეყანაში - მეგობრულად მეზობლებთან და საუკეთესო ევროპული სტანდარტებით დაცული უფლებებით!
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2015 წლის 14 სექტემბერი,
საქართველო, თბილისი