პოლიტიკა
„ოქტომბერში საგარეჯოსა და მარტვილში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები „ქართული ოცნებიდან" თამარ ხიდაშელი და სოსო დანელია იქნებიან“: ხიდაშელი შეცვლის ხიდაშელს - ინაშვილის წინააღმდეგ

1-polit-2-gharibashსაქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„მინდა საზოგადოებას წარვუდგინო კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები შესაბამისი საარჩევნო ოლქებისათვის. საგარეჯოში ჩვენი კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატი გახლავთ თამარ ხიდაშელი (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ექსპრეზიდენტი საქართველოში, თინათინ ხიდაშელის ნაცვლად, რომელიცსამუშაოდ თავდაცვის მინისტრად გადავიდა). მას განათლება მიღებული აქვს დიდ ბრიტანეთში და აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება. ამჟამად ქალბატონი თამარი მუშაობს ევროკავშირის პროექტში და არის ევროკავშირთან ასოცირების მიმართულებით არაერთი კვლევისა და მონიტორინგის ანგარიშის ავტორი; მარტვილის მაჟორიტარობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ბატონ სოსო დანელიას. ბატონ სოსოს აქვს დიპლომატიურ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება, - იგი სხვადასხვა თანამდებობაზე წლების განავლობაში მუშაობდა საქართველოს საელჩოში იტალიაში", - აღნიშნა, კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს მთელმა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციამ უარი განაცხადა შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე. გარდა „პატრიოტთა ალიანსისა“, რომელის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი „ქართული ოცნების“ ერთდერთი მეტოქე იქნება საგარეჯოში და მტკიცედ არის დარწმუნებული თავის გამარჯვებაში.