აშშ ჩინეთის წინააღმდეგ, ჰაკერულ შეტევებთან დაკავშირებით, სანქციების დაწესებას გეგმავს
საქართველო, 31 აგვისტო,
საქინფორმი. ამერიკა ჩინური კომპანიების მიმართ სანქციების დაწესებას განიხილავს. თეთრი სახლის ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიები ჰაკერულ თავდასხმებში იღებდნენ მონაწილეობას, რომლებიც ამერიკული სავაჭრო სექტორის მიმართ განხორციელდა.
Washington Post-ის ინფორმაციით, ამერიკა აპირებს პეკინს გაფრთხილება მისცეს “ეკონომიკური შპიონაჟის” შესაჩერებლად. ამერიკული კომპანიებისა და სამთავრობო უწყებების მიმართ განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმებში ქვეყანა სულ უფრო ხშირად ადანაშაულებს ჩინეთს. ჩინეთი კი ბრალდებებს უარყოფს და საერთაშორისო თანამეგობრობას ჰაკერული თავდასხმების თავიდან აცილებაში დახმარებას სთხოვს. გამოცემის ინფორმაციით, სექტემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩინეთის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი შედგება, რომლის დროსაც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა კიბერუსაფრთხოება იქნება. ჩინურ კომპანიებთან ერთად, ამერიკამ სანქციები შესაძლოა რამდენიმე პირსაც დაუწესოს.