საზოგადოება
თინათინ ხიდაშელმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა - იენს სტოლტენბერგი საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ ასეულსაც შეხვდება, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის გადამზადდა

rota-SAZOG-2საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. თინათინ ხიდაშელმა და იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციასა და ვარშავის 2016 წლის ნატოს სამიტისთვის მზადების პროცესს.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტური და დროული განხორციელება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რადგან ის ეხმარება საქართველოს ნატოს წევრობისთვის მოემზადოს. თინათინ ხიდაშელის თქმით, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა დღეს კრწანისში ხაზს უსვამს არსებითი პაკეტის განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ინსტიტუციონალური რეფორმების წარმატებით განხორციელებას განაგრძობს.

შეხვედრის მთავარ თემას 2016 წლის ვარშავის სამიტისთვის მზადება წარმოადგენდა.  აღინიშნა, რომ ალიანსი და საქართველო აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას ყველა არსებული მექანიზმის ეფექტურად გამოყენებით, სამიტზე სასურველი შედეგების მისაღწევად.