საზოგადოება
აჭარაში დატბორილი შენობებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მთლიანად დასრულებულია

ajara-saz-1-mtსაქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმი დაიტბორა. საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე წყალი შევარდა და საყოფაცხოვრებო ტექნიკა დააზიანა.ზიანი მიადგა სავაჭრო ობიექტებსაც. ყველაზე რთული ვითარება ე.წ.  ჭაობის დასახლებაში შეიქმნა. ასევე, რთული ვითარებაა კახაბრის უბანსა და თევდორე მღვდლის ქუჩაზე, სადაც უხვმა ნალექმა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს საძირკველი გამოაცალა, რის გამოც ხალხის ევაკუაცია გახდა საჭირო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები გუშინ ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ბათუმის სანაპიროსთან მთელ პერიმეტრზე  მობილიზებული იყო სახანძრო მანქანები, რომლებიც წყლის ამოტუმბვას ახდენდნენ, თუმცა, უხვი ნალექის გამო, იძულებული გახდნენ,  დახმარება ქუთაისიდან და თბილისიდანაც გამოეძახებინათ.

ღამის ოთხ საათზე საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა, სადაც მერმა  აჭარაში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მოისმინა.

უხვი ნალექი 25 აგვისტოს, დაახლოებით საღამოს  9 საათზე მოვიდა და მთელი ღამე წვიმა არ შეწყვეტილა.

აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ბოლო მონაცემებით, აჭარაში დატბორილი შენობებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მთლიანად დასრულებულია.

გუშინდელი ღამის განმავლობაში რეგიონში 250 მაშველი მუშაობდა. მათ შორის იმერეთის, გურიისა და თბილისის 10 ბრიგადის 30 თანამშრომელი.

უხვი ნალექის შედეგად დატბორილი ტერიტორიებიდან ხდებოდა ავტომანქანების გაყვანა და ზოგან მოსახლეობის ევაკუაცია. ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 300 გამოძახება. ყველა მათგანზე მოხდა რეაგირება. ელექტროენერგია აღდგენილია მთელი ქალაქის მასშტაბით. ქალაქი დაუბრუნდა ჩვეულ რიტმს.

სპეციალური კომისია პარალელურად ახდენს მოსახლეობაში ზარალის აღწერას. შესაბამისი მონაცემების დათვლის და შეჯამების შემდეგ დადგინდება ზარალის რაოდენობა და გადაწყდება დახმარების ფორმა.

ბათუმში "ალი და ნინო"-ს ცნობილი ქანდაკება დაზიანდა. თვითმხილველებმა განცხადებით, თოკით ნინოს აწევის დროს, ქანდაკება მოწყდა და ძირს დაეცა.

"ალი და ნინო"-ს ქანდაკების მიმდებარე ტერიტორია რეაბილიტაციის მიზნით, ბათუმის მერიას რამდენიმე თვეა გადაკეტილი აქვს.

ალი და ნინო"-ს  ძეგლი ტერიტორიის მოწყობაში გამარჯვებულმა კომპანია "არნაბი 21"- მა დააზიანა. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ავტორთან შეთანხმებით "ალის და ნინოს" ქანდაკება სხვა ადგილზე გადაჰქონდათ.

„არამყარი ყოფილა ეს ადგილი. გადამტანმა კომპანიამ დააზიანა - ტროსი გაწყდა. დაზიანება დიდი არ არის და  ჩვენ შევაკეთებთ",- ამბობს კომპანია "არნაბი 21"-ის  წარმომადგენელი.

ajara-saz-1-1 ajara-saz-1-2
ajara-saz-1-3 ajara-saz-1-4