საზოგადოება
“ჩვენი ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს კონსტიტუციაზე, ჩვენ აზრი ხალხს უნდა ვკითხოთ და გადაწყვეტილებები არა თვითნებურად, არამედ საზოგადოების აქტიური ჩართულობით, ხალხთან დიალოგით მივიღოთ” - პრემიერი ღარიბაშვილი

1-sazog-3საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში გამართულ საზეიმო მიღებაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა დამსწრე საზოგადოებას თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ისტორიის მნიშვნელოვანი თარიღი–კონსტიტუციის დღე მიულოცა.

20 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მივიღეთ ქვეყნის ძირითადი კანონი -კონსტიტუცია. ამით საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი თავისი დემოკრატიული განვითარების გზაზე. კონსტიტუციის მიღებით მთელი საზოგადოება თანხმდება იმაზე, როგორ უნდა იცხოვროს, როგორ უნდა აშენოს ქვეყნის მომავალი. კონსტიტუცია იქმნება ხალხის მონაწილეობით, ძირითად საკითხებზე საერთო შეთანხმებით, ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ხალხს, და სახელმწიფოს და საზოგადოების განვითარებაც სწორედ იმით განისაზღვრება, რამდენად დემოკრატიულია ქვეყნის კონსტიტუცია და როგორ ვიცავთ მას მოქალაქეები“, – აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, დღევანდელი ხელისუფლების მიზანი სწორედ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუციის შემუშავება და ისეთი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაა, სადაც კანონის უზენაესობა ყველასთვის გარდაუვალი იქნება.

ჩვენი მიზანია, ავაშენოთ ნამდვილად დემოკრატიული, პროგრესული, ევროპული სახელმწიფო და შევქმნათ ისეთი ძირითადი კანონი, როგორიც ჩვენს ქვეყანას შეეფერება. მეამაყება, რომ ჩვენმა მთავრობამ უკვე უამრავი რამ გააკეთა იმ ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რომლებიც კონსტიტუციის დაცვას უზრუნველყოფენ, იქნება ეს პარლამენტი, პრეზიდენტის ინსტიტუტი, სასამართლო თუ მედია. ეს ის ინსტიტუტებია, რომლებიც სრულიად თავისუფალია მთავრობის ზეგავლენისგან“, – განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ საზეიმო ღონისძიებას, როგორც მოქმედი პარლამენტის, ისე კონსტიტუციის მიმღები საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები, მთავრობის, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიების და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.