საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: „თელავში „რთველი 2015“-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, რომელიც 24-სააათიან რეჟიმში იმუშავებს“

1-sazog-1საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, „სუბსიდიების მოცულობა იგივეა, რაც იყო გასულ წელს - 35 თეთრი კახურ მწვანესა და რქაწითელზე; 15 თეთრი - საფერავზე. თუმცა წელს, გასული წლისგან განსხვავებით, ყურძნის საფასურს ბანკისგან უშუალოდ მევენახეები მიიღებენ და მათ ღვინის კომპანიებისთვის ლოდინი აღარ მოუწევთ“, - განაცხადა პრემიერმა.

რთველისთვის მზადებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მთავრობის მეთაურმა სოფლის მეურნეობის მინისტრისგან მიიღო. ოთარ დანელიას განმარტებით, დარგს სჭირდება წახალისება და სუბსიდირება ძალაში დარჩა. რაც შეეხება ფასს, მინისტრის თქმით, მას ბაზარი დაარეგულირებს, რათა დარგი იყოს კონკურენტუნარიანი და პრობლემები არც ერთ მხარეს არ შეექმნას.

წელსაც, ჩვენი მიზანია, არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩეს ჩაუბარებელი, რათა არ იზარალონ გლეხებმა“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მთავრობის მეთაური ასევე დაინტერესდა, რა ღონისძიებებს გეგმავს სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმ მოსახლეობის დასახმარებლად, რომელსაც სტიქიის შედეგად ვენახები დაუზიანდა.

მინისტრის ინფორმაციით, რეგიონში დილიდან დაიწყო შესაწამლი პრეპარატების უფასოდ შეტანა, რათა დაზიანებული ვაზის გადარჩენა მოხერხდეს.

გარდა ამისა, კიდევ ერთხელ უნდა წავახალისოთ მოსახლეობა, რომ ისარგებლონ დაზღვევით. თუ აქამდე ხდებოდა კომპენსირება, სწორედ იმიტომ, რომ არ არსებობდა შესაბამისი სისტემა. დღეს არსებობს დაზღვევის და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რისკები მინიმუმამდე დაყვანილია და მოსახლეობას მივმღთავთ, ისარგებლონ სისტემით, რომელიც მათთვის შეიქმნა. 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება ცვლილება აგროდაზღვევის თანადაფინანსების კომპონენტში, რომელიც 40-60%-ის ნაცვლად სახელმწიფოს მხრიდან 50-დან 70%-მდე თანადაფინანსებას გულისხმობს. ასევე, ამ შემთხვევის გათვალისწინებით, „დანერგე მომავლის“ ფარგლებში ნერგების სუბსიდირების ნაწილში სპეციალური კომპონენტი დაემატება“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.