სამართალი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობა დაიწყო. მიმდინარეობს ზარალის დათვლა

SAMART-2საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. შსს ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: “ამინდის გაუარესების გამო ადიდებულმა მდინარე არღუნმა სოფელ ხონისჭალასთან მისასვლელი საავტომობილო ხიდი წაიღო, რის შედეგადაც სოფელ მუცოსთან დამაკავშირებელი გზა ჩაიკეტა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მეექვსე სამმართველოს (ბარისახო) პირველი სასაზღვრო სექტორის (მუცო) თანამშრომლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამაშველო განყოფილების რამდენიმე ეკიპაჟი. მაშველები მეწყერის შედეგად ჩახერგილი გზის გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებენ.

გზისა და ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაობის დასრულებამდე, შატილიდან სოფელ მუცოს მიმართულებით დროებით შეიზღუდა როგორც საავტომობილო, ასევე, ფეხით გადამსვლელთა მოძრაობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებსა და ტურისტებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ აღნიშნული მიმართულებით გადაადგილებისაგან“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობა დაიწყო. მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

სტიქიის ზონაში მობილიზებული არიან სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები.

სტიქიით დაზარალებულ რეგიონში პრემიერის დავალებით გაემგზავრა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი.

რეგიონში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და „დელტას“ წარმომადგენლები, რომლებიც სპეციალურ ღონისძიებებს ახორციელებდნენ.

ომალოში იმყოფება სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში, ირაკლი შიოლაშვილი, რომელიც არსებულ ვითარებას პირადად ეცნობა.

მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები უმოკლეს ვადებში განხორციელდება.