პუბლიკაციები
ირანი დამშრალი ურმიის ტბის აღდგენას საქართველოდან და სომხეთიდან მიღებული წყლით გეგმავს

SAZOG-2-ANALITსაქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. ირანი დამშრალი ურმიის ტბის აღდგენას საქართველოდან და სომხეთიდან მიღებული წყლით გეგმავს. თეირანში ამბობენ, რომ მხარეებთან შეთანხმება, ფაქტობრივად, მიღწეულია. სომხურ მედიაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ ეს მხოლოდ ირანელების იდეაა და ჯერჯერობით, რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

საქართველოდან ირანში სასმელი წყლის შესაძლო ექსპორტთან დაკავშირებით საუბარი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა პროექტის განხორციელება დღემდე არ მომხდარა. ერთ-ერთი ვარიანტით საქართველოდან ირანში წყალი, იქიდან კი ჩვენთან გაზის იმპორტი განხორციელდებოდა. აღნიშნულ საკითხზე ორიოდე კვირის წინ ირანში გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრეს.

ირანის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალი რაბიეის განცხადებით, ქვეყანა იმედოვნებს, რომ ქართული წყლის ექსპორტის შესაძლებლობა მიეცემა: საქართველოს საკმაოდ დიდი წყლის რესურსი აქვს, რომელსაც შეუძლია ის დეფიციტი აღადგინოს, რომელიც ტბა ურმიას შედეგად არის გამოწვეული“, - განაცხადა მინისტრმა საქართველო - ირანის ეკონომიკურ კომიტეტზე.

ირანში გამართული შეხვედრების დროს მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი. როგორც ირანის შრომის მინისტრმა განაცხადა, ირანული გაზის საქართველოს გავლით ტრანზიტი, შესაძლებლობას აძლევს მათ, რეგიონის ქვეყნები მოამარაგონ. გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის დროს ერთ-ერთ მთავარ განსახილველ საკითხს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობა და ენერგეტიკული სექტორი წარმოადგენდა. როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად 200 მილიონ დოლარს შეადგენს.  რაც შეეხება ურმიის ტბას, უკვე ცნობილია, რომ ირანი დამშრალი ურმიის ტბის აღდგენას საქართველოსა და სომხეთიდან მიღებული წყლით გეგმავს. როგორც ირანელმა პარლამენტარმა ალი ალილუმ ადგილობრივ პრესას განუცხადა, მხარეებთან შეთანხმება უკვე მიღწეულია.

შეთანხმების თანახმად, მდინარე მტკვრისა და სევანის ტბიდან ურმიაში წყალი სამი სატუმბი სადგურის მეშვეობით გადაიტუმბება. სამივე სადგური ირანის ტერიტორიაზე მდებარეობს. დეპუტატის თქმით, კასპიის ზღვიდან წყლის მიღება ხელსაყრელი არ არის მისი მაღალი დაბინძურების გამო, ეკონომიკური თვალსაზრისითაც გაცილებით ძვირი ჯდება. ურმიის ტბაში 36 მილიარდი კუბური მეტრი წყლის მოცულობა დღეს 2 მილიარდამდე შემცირებულია, მდინარე არაქსი და მცირე მდინარეები კი, რომლებიც ურმიას უერთდებიან, მის შევსებას ვერ ახერხებენ. წყალს ორივე ქვეყნიდან ან შევისყიდით, ან ბარტერზე გავცვლით”,- აღნიშნა ირანელმა პარლამენტარმა.

ალილუს თქმით, წყლის მიწოდება ირანში წამში 60 – 80 კუბური მეტრი იქნება, პროექტი

კი 2 წელიწადში დასრულდება. თუ ტბის დაშრობის ტენდენცია ყურადღების მიღმა დარჩება, როგორც ეს ძველი ხელისუფლების პირობებში ხდებოდა, ძალიან მალე ხუთი პროვინცია სერიოზული ეკოლოგიური საფრთხის, მათ შორის ადამიანური კატასტროფის წინაშე დადგება”, - განაცხადა ირანელმა პარლამენტარმა.

ურმიის ტბის აღდგენა, რომელიც იუნესკომ ბიოსფერული ნაკრძალების სიაში 1976 წელს შეიტანა, მსოფლიოს გარემოს დაცვის სპეციალისტთა საზრუნავია. როგორც თანამგზავრიდან გადაღებულმა სურათებმა აჩვენა, 1972 წლიდან 2014 წლამდე ტბის მოცულობიდან მხოლოდ 12% დარჩა. გარდა სოფლის მეურნეობაში მიყენებული ზარალისა, დამშრალი ტბიდან მარილიანი ქარები მოსახლეობაში სერიოზულ, მათ შორის, რესპირატორულ დაავადებებს იწვევს.  ამასთანავე, ურმია მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის, რომლებიც ირანის მოსახლეობის ერთ მესამედს შეადგენს, ეროვნული იდენტობის სიმბოლოა. ყველაფრის გათვალისწინებით, ტბის რეანიმაცია ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანის წინასაარჩევნო დაპირებებშიც მოხვდა. როგორც რუჰანმა განაცხადა, ის მზადაა აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად უახლოეს 10 წელიწადში 5 მილიარდი დოლარი დახარჯოს.

როდის დაიწყება საქართველოდან ურმიის ტბის ამოსავსებად წყლის ირანში გადაქაჩვა, ჯერჯერობით უცნობია. როგორც „ბიზნეს-რეზონანსს ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, ჯერჯერობით ეს მხოლოდ იდეის დონეზეა და კონკრეტული პროექტი არ არსებობს. სპეციალისტები კი თვლიან, რომ საქართველოდან ურმიის ტბის ამოვსება სრულებით შესაძლებელია და ეს შანსი ქვეყანამ ხელიდან არ უნდა გაუშვას. ექსპერტების თქმით, თუ პროექტი ამუშავდება, აუცილებელია, ქვეყანამ წყალი გაზში ან ნავთობში გაცვალოს.

ეკოლოგიიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად ურმიის ტბას სჭირდება დაახლოებით 550 მილიონი ტონა წყალი წელიწადში. გეოლოგი სანდრო თვალჭრელიძის თქმით, დასავლეთის მდინარეებში ჭარბი წყალი, რომელიც ჭაობებს ქმნის, გვაქვს დაახლოებით 20 მილიარდი ტონა. ასე რომ, დაახლოებით ერთი ტბის ავსება ჩვენთვის პრობლემა არ არის. მისივე თქმით, პრობლემას წარმოადგენს ის, თუ როგორ მოხდება ამ წყლის მილსადენით გადატანა და ვინ დაფარავს იმ უზარმაზარ ხარჯს, რაც წყლის გადასაქაჩავადაა საჭირო.

გარდა ამისა, პროექტის განსახორციელებლად ძალიან ბევრი სამუშაოა გასაწევი, უნდა მოხდეს პარამეტრული დაკვირვება ქართულ მდინარეებზე, ვნახოთ ის პარამეტრები, რომლებიც ადრე არსებობდა, არის თუ არა დღესაც იგივე. თუ სწორია, ყველაზე კარგი მოდელი იქნებოდა ბარტერი, ანუ გაგვეცვალა წყალი გაზში და ნავთობში. იმიტომ, რომ წყალი ღირს დაახლოებით იმდენივე, რამდენიც ღირს ნავთობი. ერთი ბოთლი წყალი და ერთი ბოთლი ბენზინი არის ერთი და იგივე ღირებულების. კარგი ვარიანტია გაზის ბარტერიც, 500 მილიონი კუბური მეტრი წყალი გაზში რომ გავცვალოთ, ეს გამოვა დაახლოებით 10 მლრდ კუბური მეტრი გაზი, ჩვენ კი გვჭირდება 2 მლრდ-მდე კუბური მეტრი გაზი. ქვეყნის ეკონომიკისთვის ეს არის ძალიან მომგებიანი საქმე, მომგებიანი პროექტი, რა თქმა უნდა, თუკი ყველაფერი თაროებზე კარგად დალაგდა. თანაც, სრულებით შესაძლებელია მისი განხორციელება, მთავარია საქმე არა დილეტანტებმა, არამედ პროფესიონალებმა გააკეთონ“, - განუცხადა ბიზნეს-რეზონანსს” თვალჭრელიძემ.

ინჟინერ-გეოლოგი ზურაბ ვარაზიშვილი იხსენებს, რომ ირანს საქართველოდან წყლის გატანა მილებით ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის დროს სურდათ. თუმცა სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენების გამო ეს პროექტი ჩაიშალა. დაახლოებით ორი წლის წინ, ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა მიმოწერა სხვადასხვა ხელმძღვანელ პირთან, მაგრამ ამ პროექტის განხორციელებაზე უარი თქვეს“, - აღნიშნა ვარაზიშვილმა. რაც შეეხება საქართველოდან ურმიის ტბის ავსებას, ვარაზიშვილის თქმით, ეს სრულიად შესაძლებელია. ამისათვის კი, პირველ რიგში, აუცილებელია, რომ საქართველოში აშენდეს დიდი წყალსაცავი, საიდანაც წყლის გადაქაჩვა მოხდება.  ეს საკითხი არის პოლიტიკური და მთავარია, რომ პოლიტიკურ დონეზე გადაწყდეს. ტექნიკურად კი მისი განხორციელება შესაძლებელია“,- დასძინა ვარაზიშვილმა.

http://www.bpn.ge/ekonomika/14422-irani-qarthul-tsyals-navthobsa-da-gazshi-gagvicvlis.html?lang=ka-GE