რედაქტორისგან
„მხოლოდ საქართველოს არ სჭირდება ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაცია, ნატოსაც სჭირდება საქართველო“ - თინა ხიდაშელი ერთ კვირაში მეორედ ციტირებს საქინფორმის მთავარი რედაქტორის ნათქვამს

POLIT-3საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია აშშ-ის ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ეწვია. თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს აკადემიის პრეზიდენტმა, გენერალ-მაიორმა ფრედერიკ . პადილამ უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აკადემიაში კონტრტერორისტული კურსის სტუდენტ გიორგი შენგელიასაც შეხვდნენ. თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე - უსაფრთხოების ცვალებადი პარადიგმა ევროპაში - ქართული პერსპექტივა“. თინათინ ხიდაშელმა აქცენტი საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფისთვის საქართველოს როლსა და მნიშვნელობაზე გააკეთა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მხოლოდ საქართველოს არ სჭირდება ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაცია, ნატოსაც სჭირდება საქართველო. ლექციის შემდეგ აკადემიის მსმენელებს შესაძლებლობა მიეცათ, საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის კითხვები დაესვათ.

საქინფორმის მკითხველების საყურადღებოდ: ეს უკვე მეორე შემთხვევაა გასული კვირის განმავლობაში, როცა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქინფორმის მთავარი რედაქტორის ნათქვამის ციტირება მოახდინა: თავიდან მან გაიმეორა არნო ხიდირბეგიშვილის სიტყვები, განაცხადა რა, რომ „რუს ხალხს, რომელმაც ლენინგრადის ბლოკადას გაუძლო და გაიმარჯვა, ვერ გატეხს დასავლეთის ეკონომიკური სანქციები“, ახლა კი ციტირებს მის სიტყვებს ექსკლუზიური ინტერვიუდან აზერბაიჯანული გაზეთი „Каспiй“-სთან: „უკრაინასა და საქართველოს კი არ სჭირდებათ ევროკავშირი და ნატო, არამედ ევროკავშირსა და ნატოს სჭირდებათ უკრაინა და საქართველო!“

საქინფორმის რედაქცია
2015 წლის 24 აგვისტო
საქართველო, თბილისი