უცხოეთი
საქართველო მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობას ჩამოართმევს

miSa-zar-3საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი.  იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანის განცხადებით, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა დაიწყება მას შემდეგ, რაც ისინი უკრაინისგან ოფიციალურ პასუხს მიიღებენ.

"გვჭირდება ოფიციალური დასტური უკრაინის ოფიციალური ხელისუფლებისგან და შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისგან, რომ ბატონ მიხეილ სააკაშვილს აქვს მიღებული უკრაინის მოქალაქეობა, რა დოკუმენტაციასაც ჩვენ როგორც კი მივიღებთ მაშინვე, თუკი ეს ასე აღმოჩნდა, დაიწყება შეწყვეტის პროცედურები უკვე საქართველოს კანონით დადგენილი წესით",– აცხადებს თეა წულუკიანი.

საქართველოს ექსპრეზიდენტი ოდესის გუბერნატორი 31 მაისს გახდა. გუბერნატორად დანიშვნამდე, როგორც უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭეს.

გუბერნატორად დანიშვნამდე მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელი იყო.

სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული.