სამართალი
მიხეილ ძაძამია გაათავისუფლეს, კობა ხარშილაძე კი საპატიმროს 24 დეკემბერს დატოვებს
Sud-samart-2საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. მოსამართლემ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულებს განაჩენი გამოუტანა. კერძოდ, მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, კობა ხარშილაძეს შემსუბუქებული სასჯელი 2 წლისა და 4 თვის ვადით განესაზღვრა, ამნისტიის შედეგად კი, 1 წელი და 9-თვიანი ვადა დარჩა. ხოლო ძველმა სასჯელმა, რომელიც „გრინსერვისის“ საქმეზე აქვს ხარშილაძეს შეფარდებული, შთანთქა ახლად განსაზღვრული სასჯელი და ხარშილაძეს საბოლოოდ 4 თვის ვადით პატიმრობა განესაზღვრა, რომელიც მიმდინარე წლის 24 დეკემბერს სრულდება. რაც შეეხება ბრალდებულ მიხეილ ძაძამიას, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას თავდაპირველად 11 თვე და 41 დღის ვადით პატიმრობა განესაზღვრა. ამნისტირებული მუხლის საფუძველზე მას 8 თვითა და 23 დღით განესაზღვრა პატიმრობა, თუმცა მას გირაოს შეფარდებამდე აღნიშნული ვადა პატიმრობაში გატარებული აქვს, რაც ჩაეთვალა და, შესაბამისად, იგი სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდა.