პოლიტიკა
თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კოლეგიამ (DEIK) საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უმსხვილესი ბიზნესკომპანიების მონაწილეობით დაგეგმილ ბიზნესფორუმზე მიიწვია

1-kolegia-polit-1საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კოლეგიის (DEIK) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ომერ ჯიჰად ვარდანის შეხვედრაზე აღინიშნა. ბიზნესფორუმი ახლო მომავალში სტამბულში გაიმართება და მას თურქეთის წამყვანი ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ თანამშრომლობას და მიმდინარე რეგიონული პროექტების მნიშვნელობას.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა DEIK–ის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმებისა და არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ. DEIK–ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ომერ ჯიჰად ვარდანის განცხადებით, იზრდება თურქი ბიზნესმენების ინტერესი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისადმი.

DEIK–ი თურქეთის ბიზნესწრეების ერთ-ერთ უმსხვილეს და გავლენიან გაერთიანებას წარმოადგენს. იგი დაარსდა 1986 წელს. მისი მიზანია თურქეთის კერძო სექტორის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების წარმოებისადმი ხელშეწყობა და სავაჭრო კავშირების გაღრმავება.