რედაქტორისგან
რუსეთის პატრიარქი სააკაშვილის გამო ამერიკაში ვერ მიემგზავრება?!

misha-fotoo„სრულიად რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქი კირილე სააკაშვილის გამო აშშ-ში ვიზიტად ვერ მიემგზავრება!“ - აცნობა საქინფორმს სარწმუნო, რუსულ და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებთან რაიმე კავშირის არმქონე წყარომ, რომელიც ირწმუნება, რომ ჩვენი მიშა ხელს უშლის არა მარტო ოფიციალურ მოსკოვს, არამედ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მოღვაწეობასაც.

საქმე ისაა, რომ დადგენილი საეკლესიო ეტიკეტით, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა ახალი წინამძღვარი მსოფლიოს 15 მართლმადიდებლურ ავტოკეფალურ სააადგილმამულო ეკლესიას დადგენილი საპატიო უპირატესობის წესით (დიპტიქში მათი ოფიციალური რიგითობის მიხედვით) სტუმრობს:

1. კონსტანტინეპოლის მართლმადიდებლური ეკლესია;

 2. ალექსანდრიის მართლმადიდებლური ეკლესია;

 3. ანტიოქიის მართლმადიდებლური ეკლესია;

 4. იერუსალიმის მართლმადიდებლური ეკლესია;

 5. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია;

 6. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია;

 7. სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესია;

 8. რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესია;

 9. ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესია;

10.  კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესია;

11.  ელადის მართლმადიდებლური ეკლესია;

12.  ალბანეთის მართლმადიდებლური ეკლესია;

13.  პოლონეთის მართლმადიდებლური ეკლესია;

14.  ჩეხოსლოვაკიის მართლმადიდებლური ეკლესია;

15.  ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესია.

გამონაკლისს არც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე წარმოადგენს, 2009 წლის 1 თებერვალს პატრიარქის ტახტზე დაბრძანებული, რომელსაც იმ დროისათვის უკვე შეწყვეტილი რუსეთ-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების (რუსეთსა და საქართველოს შორის დიპურთიერთობის დღემდე არარსებობის) გამო საშუალება არ აქვს თავისი სულიერი ძმის - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის - ილია მეორეს არაერთგზისი მოწვევა მიიღოს.

ხოლო რიგითობის დარღვევა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის „გამოტოვება“ (უპირატესობის მიხედვით – მეექვსე, რუსულის მომდევნო) დანარჩენის, მათ შორის – ამერიკის ეკლესიის მოსანახულებლად, ზემონახსენები საეკლესიო ეტიკეტის დარღვევას ნიშნავს.

დიახ, რუსეთშიაც და საქართველოშიც, კონსტიტუციის მიხედვით, ეკლესია სახელმწიფოსგან გამოყოფილია, დიახ, ჩვენი პატრიარქები (ბერძნ.πατήρ -მამა და ἀρχή – „ბატონობა“, „ძალაუფლება“) - ორი ერთმორწმუნე ქრისტიანული ეკლესიის უმაღლესი იერარქები, და არა ორი მეზობელი სახელმწიფოს უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელები, არიან, მაგრამ მათ არ ძალუძთ ბეცი პოლიტიკოსების გამოისობით დღევანდელი დღის აბსურდული და სავალალო რეალიების გაუთვალისწინებლობა!

რეალიები კი ასეთია: 08.08.08 ტრაგედიის შემდეგ კრემლი საქართველოს პრეზიდენტს სამხედრო დამნაშავეს უწოდებს და სავსებით გამორიცხავს მასთან დიალოგს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს იგი ცალი ხელით ჯაშუშურ სკანდალებს „აჩაღებს“, მეორეთი კი მზადაა რუსეთთან ნებისმიერ ორმხრივ შეთანხმებას (მათ შორის – საბრძოლო მოქმედებათა განუახლებლობას) ხელი მოაწეროს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ხოლო ორივე ხელით ხმა მისცეს რუსეთის გაწევრებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.

მაგრამ ხელი მოაწეროს შეთანხმებაზე რუსეთთან და არა – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან, რასაც რუსეთის ხელმძღვანელობა ითხოვს! ამგვარი „პირდაპირი“ ხელმოწერა კი ნიშნავს საქართველოს მხრიდან მათი დამოუკიდებლობის ოფიციალურად აღიარებას - რუსეთის ფედერაციის, ნიკარაგუის, ვენესუელის, ნაურუს, საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკისა, „ნახევრად უღიარებელი“ დნესტრისპირა მოლდოვის რესპუბლიკისა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის, უღიარებელი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკისა და ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობის „ჰამასის“ კვალდაკვალ, რაზეც მიხეილ ნოკოლაზის ძე ჯერჯერობით თანახმა არაა.