აქტუალური
პარლამენტში საოკუპაციო ხაზთან რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებთნ დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი განიხილეს - დოკუმენტების განხილვა პარასკევს, პლენარული სხდომის ფორმატში, გაგრძელდება

1-rezol-aqtual-2საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. მიმდინარე წლის 10 ივლისს საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ ინიცირებული რეზოლუციების პროექტები განიხილეს 21 ივლისს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და ოთხი კომიტეტის - საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი „რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული მორიგი პროვოკაციული ქმედების შესახებ“ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ გააცნო კოლეგებს. ხოლო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი რეზოლუციის პროექტი რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეში გადმოწევის თაობაზე“, დავით დარჩიაშვილმა წარმოადგინა.

ფრაქცია ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტში, უმრავლესობა მიმართავს მთავრობას, რომ გააგრძელოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანოზაციებში და ქვეყნებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს პოზიციის გაზიარებისათვის. აღნიშნული პროექტით პარლამენტი მოუწოდებს მთავრობას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან განიხილონ ოკუპირებული ტერიტორიების მთელ პერიმეტრზე პატრულირების გაძლიერებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, ყოველდღიურად ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფის საკითხი. რეზოლუციი პროქტის მიხედვით, მთვრობამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფორმატში უნდა განიხილოს რუსეთსა და საქართველოს შორის 2011 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების ამოქმედების საკითხი. მთავრობამ ასევე უნდა უზრუნველყოს ოკუპაციით დაზარალებული მოსახლეობისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის აღრიცხვა და მათთვის შემწეობის აღმოსაჩენად, დონორული და საბიუჯეტო სახსრების მობილიზება. უმრავლესობის წევრებს მიაჩნიათ, რომ საკითხის ირგვლივ მუშაობის ინტენსიფიკაციის მიზნით უნდა გააქტიურდეს 2013 წელს შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობა.

ფრაქცია ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტის მიხედვით, პარლამენტი მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებს მოუწოდებს, ინტენსიური პერიოდულობით უზრუნველყონ შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების და წევრი ქვეყნების დელეგაციების ინფორმირება საოკუპაციო ზოლთან მიმდინარე მოვლენების შესახებ.

ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტით, უნდა გაუქმდეს აბაშიძე -კარასინის ფორმატი და ყურადღების კონცენტრირება ჟენევის ფორმატზე გაკეთდეს, სადაც შუამავლის სტატუსით ევროკავშირი და აშშ მონაწილეობენ.

დოკუმენტების პუნქტობრივი განხილვისას გამოიკვეთა, რომ ამ ორ ტექსტს შორის არის მსგავსებაც, მაგრამ უფრო მეტი განსხვავებაა. განსხვავებულია მსოფლმხედველობა და მოვლენათა შეფასებისადმი მიდგომები, ამიტომ შეუძლებელია მათ შეჯერებაზე საუბარი. გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიაჩნიათ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ რეზოლუციის პროექტის ტექსტში ფაქტობრივი უზუსტობებია დაფიქსირებული.

ხანგრძლივი განხილვისა და კამათის შემდეგ, დეპუტატებმა არცერთ რეზოლუციას კენჭი არ უყარეს და კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკის ინიციატივით გადაწყდა, რომ დოკუმენტების განხილვა პარასკევს, პლენარული სხდომის ფორმატში, გაგრძელდება.