აქტუალური
რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების კვალდაკვალ საფრანგეთი საქართველოს უპილოტო საფრენ აპარატებს სთავაზობს? - თინათინ ხიდაშელი „Airbus Defence & Space“ წარმომადგენლებს შეხვდა

1-pro-aqtual-2საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. საქართველოში ვიზიტით მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავიამშენებელი კომპანიის „Airbus Defence & Space“ დელეგაცია იმყოფება. გუშინ ფრანგული კომპანიის წარმომადგენლები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მიიღო. თავდაცვის სამინისტროში გამართულ გაცნობით შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი, პოლკოვნიკი დავით აბრამიშვილი დაესწრნენ.

უცხოელმა სტუმრებმა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს კომპანიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. „Airbus Defence & Space“ ძირითადად უპილოტო საფრენ აპარატებს, შვეულმფრენებსა და სატელიტური კავშირის ქსელებს აწარმოებს. ვიზიტის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა უწყებაშიც იმყოფებოდნენ.