ამ ფაქტში უდავოდ გამოკრთის იმ კეთილისმყოფელი ტრადიციის ინერცია, რომლითაც დამშვენებულია ქართულ-ებრაული ურთიერთობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია. თავად პატრიარქს არაერთხელ აღუნიშნავს თავის ქადაგებებში, რომ ებრაელობა არის ის ხალხი, რომელმაც პირველმა გაიგონა ერთი ღმერთის ხმა და სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოსაც ერთღმერთიანობა მოუტანა. საგანგებოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესია არასოდეს ჩაბმულა ანტიიუდეურ პოლემიკაში; მეტიც - ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, ქართულ ენაზე არ შექმნილა იუდაიზმის განმაქიქებელი რაიმე წერილობითი ძეგლი; ქართული ეკლესიის ამგვარმა დამოკიდებულებამ მისი დიდი ავტორიტეტის გამო დიდად განსაზღვრა ადგილობრივი მოსახლეობის კეთილი ურთიერთობა ებრაელობასთან.
"ებრაელი და ქართველი ერის ურთიერთობა 26-საუკუნოვან ისტორიას ითვლის. როცა ჩვენ ვამბობთ, გავიდა 26 საუკუნე, ეს მთლად სწორი არ უნდა იყოს. საქართველოში ებრაელი ჩამოვიდა მათი დევნისას, ნაბუქოდონოსორის დროს. ებრაელი უცხო ქვეყანაში არ ჩამოვიდოდა, ისინი ჩამოვიდნენ თავის ძმებთან, ნაცნობ ქვეყანაში. ებრაელებმა საქართველოს ჩამოუტანეს ორი დიდი საუნჯე: ჭეშმარიტი სარწმუნოება და წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენი. 26 საუკუნის მანძილზე საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც არასდროს ყოფილა ანტისემიტიზმი. დიდად ვაფასებთ ამ ურთიერთობას ქართველებსა და ებრაელებს შორის", - ბრძანებს პატრიარქი.
უწმინდესის თქმით, "როცა ებრაელი ქართველს ლოცავს, ეს ღვთის დალოცვაა".
გთავაზობთ ინტერვიუს ისრაელში მცხოვრებ პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწესთან, ავიგდორ ესკინთან, რომელსაც განსაკუთრებული სიყვარული და მეგობრობა აკავშირებს საქართველოსა და ქართველ ხალხთან.
- ჩვენი პატრიარქი ბრძანებს, რომ საქართველოში ებრაელები ჯერ კიდევ 26 საუკუნის წინ, ნაბუქოდონოსორის მიერ მათი დევნის დროს მოვიდნენ და უცხო მიწაზე არ მოვიდოდნენ, არამედ თავიანთ ძმებთან, ახლობელ ქვეყანაში ჩამოსახლდნენ. მართლაც, ჩვენი ურთიერთობა დამყარებულია საერთო კულტურულ და სულიერ ფასეულობებზე. თქვენ როგორ აფასებთ ამას?
- ქართულ-ებრაული ურთიერთობა, რომელსაც ორი ათასზე მეტი წლის წინ დაედო სათავე, უნიკალური მაგალითია ორი ერის მეგობრობისა. ებრაელ ერს სასტიკად დევნიდნენ და ავიწროებდნენ სხვადასხვა ხალხები, აპროტესტებდნენ ჩვენი ერის ცხოვრებას მათ მიწაზე. ამ მხრივ საწინააღმდეგო ვითარება იყო საქართველოში.
ყურადსაღებია ის გარემოებაც, თუ როგორ არამარტივად ვითარდებოდა კავკასიელ ხალხებსა და ტომებს შორის ურთიერთობები. დღეს კავკასია კვლავ "ცხელ წერტილად" რჩება მსოფლიო რუკაზე. მაგრამ ეს დაძაბული ვითარება ოდნავადაც არ ახდენს გავლენას ქართველ და ებრაელ ერებს შორის შექმნილ ატმოსფეროზე, რომელიც ყოველთვის იყო და კვლავაც დარჩება ძმური და მეგობრული.
ჩემი მეგობარი, ცნობილი ისტორიკოსი, სიმონ მასხარაშვილი თავის ნაშრომებში მეცნიერულად ასაბუთებს, რომ ქართული ელიტის 20%-ს მაინც აქვს ებრაული ფესვები. ეს კი ბევრ რამეს ხსნის.
- ებრაელებმა საქართველოში მოიტანეს ორი დიდი სიწმინდე: ჭეშმარიტი სარწმუნოება (ერთი ღმერთის რწმენა) და ილია წინასწარმეტყველის ხალენი...
- სანამ ზეცად ამაღლდებოდა, ილია წინასწარმეტყველმა მდინარის წყალი გააპო და მასზე გაიარა თავის მოწაფესთან - ელისე წინასწარმეტყველთან ერთად. ეს სასწაული, როგორც ვიცით, აღესრულა ილიას სასწაულმოქმედი ხალენის (ივრითით - ადერეტი) მეშვეობით. სწორედ ეს ხალენი იქცა განსაკუთრებულ სიმბოლოდ იუდეურ ტრადიციაში.
შეიძლება ითქვას, რომ ისრაელმა და საქართველომ ერთად გაიარეს განსაკუთრებული გზა, თავ-თავიანთი სასწაულებრივი ასპექტებითა და პერიპეტიებით. მაგრამ ჩვენი გულები არასოდეს გაყოფილა. უამრავი განსაცდელისა და სირთულის მიუხედავად, ჩვენი ძალები უფრო განმტკიცდა.
- როგორც ჩვენი პატრიარქი ბრძანებს, ქართველებსა და ებრაელებს შორის სისხლის ნათესაობა არსებობს. იმდენად, რამდენადაც, ბაგრატიონთა დინასტია სათავეს იღებს დავით და სოლომონ მეფეებისგან. როგორია თქვენი აზრი ამ საკითხზე?
- არა მხოლოდ ბაგრატიონთა და ებრაელთა სისხლით ნათესაობა დასტურდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთელ ქართულ ელიტას აქვს ღრმა ურთიერთობა ებრაელ ხალხთან.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ებრაელი ერის ღრმა სულიერი ფესვები ქართულ მრავალხმიან მუსიკასთან. არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ იერუსალიმის ტაძარში გაჟღერებული ზოგიერთი საგალობელი გადმოღებულია და აისახა ქართულ ლიტურგიკულ ტრადიციაში. მუსიკალური კავშირი ჩვენს ერებს შორის - განსაკუთრებული თემაა, რომელიც საფუძვლიან და ღრმა გამოკვლევებს საჭიროებს.
- საქართველოში არსებობს ასეთი აზრი (გამოთქმა), რომელზეც პატრიარქმაც არაერთხელ გაამახვილა ყურადღება. როდესაც ებრაელი ქართველს ლოცავს, ეს არის ღმერთის დალოცვა. გჯერათ ამ მოსაზრების?
- ეს თქვენი პატრიარქის ძალზე საინტერესო მიგნებაა. ამ ბრძენმა ადამიანმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქართველი და ებრაელი ხალხის ურთიერთობის განსამტკიცებლად. ჩვენი კავშირი, უპირველესად, სულიერ ასპექტებს ემყარება და გულისხმობს. ჩვენს ერებს შორის ურთიერთობის საფუძველი პოლიტიკურ სარგებლიანობას კი არ უკავშირდება, არამედ ყველაზე არსებით მხარეებს. ქართველი ერის დიდებულება უპირველესად, ბიბლიასთან მისი განსაკუთრებული დამოკიდებულების ფორმით აიხსნება. ბიბლიის განსაკუთრებული აღქმა და გაგებაც აახლოებს და ანათესავებს ქართველ ერს ებრაელ ერთან.
- ჩვენს პატრიარქზე რას გვეტყვით?
- საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან მოყოლებული, თქვენს ქვეყანაში დეფიციტია ისეთი პოლიტიკური ლიდერებისა, რომლებიც ხალხს გაუძღვებოდნენ სულიერი და სახელმწიფოებრივი განმტკიცების გზაზე. ვფიქრობ, ამ ფონზე, ისეთი სულიერი ლიდერის არსებობა, როგორიც თქვენი პატრიარქია, ეს განსაკუთრებული ღვთის კურთხევა გახლავთ.
- როგორ გესახებათ საქართველოს მომავალი, ზოგადად, და განსაკუთრებით, ისრაელთან ურთიერთობის თვალსაზრისით?
- დარწმუნებული ვარ, თქვენი ხალხი განსაკუთრებული ზეციური წყალობითა და კურთხევით არის დაჯილდოებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა შეინარჩუნოთ თქვენი თვითმყოფადობა და დარჩეთ ქართული სულის მატარებლებად (არ დაემორჩილოთ ბრმად უცხოურ გავლენებს და არ გახდეთ მიმბაძველები დასავლეთის მიერ თავსმოხვეული ფსევდოკულტურების). თქვენ გაქვთ მშვენიერი ქვეყანა და დიდებული სულიერი ტრადიციები, განსაკუთრებით, რელიგიური კულტურა. შეინარჩუნეთ ეს უნიკალური და ამაღლებული ტრადიციები და გაამყარეთ ერთობა ისრაელთან. მჯერა, რომ გადალახავთ ყველა წინააღმდეგობას და გაიმარჯვებთ! მიიღეთ ლოცვა-კურთხევა სიონიდან!
http://karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/skhvadaskhva/3513-qroca-ebraeli-qarthvels-locavs-es-ghvthis-dalocvaaq.html