რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ვინ გაავლო ახალი საზღვარი სამხრეთ ოსეთთან? გარდატეხა საქართველოსა და რუსეთს შორის მხოლოდ პუტინთან ღარიბაშვილის შეხვედრის შემდეგ მოხდება, ერთი ადამიანის შემწეობითა და მონაწილეობით, რომელსაც მე კარგად ვიცნობ“

1-ar-mtavariკვირის მთავარ სკანდალად ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, 2015 წლის 10 ივლისს, თითქოსდა რუსი მესაზღვრეების მიერ „სამხრეთ ოსეთის საზღვრის“ აღმნიშვნელი ორი ახალი ბანერის დადგმა იქცა - სოფელ წითელუბანსა (გორის რაიონი) და ორჭოსანთან (ახალგორის რაიონი), რომლის ზონაშიც „ბაქო-სუფსის“ მაგისტრალური მილსადენის მონაკვეთი მოექცა.

შევახსენებ ცრუპატრიოტებს,რომ ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ მათმა ბელადმა - სააკაშვილმა შემოიღო, ნაცვლად პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიერ დაკანონებული ტერმინისა „სამაჩაბლო“. „სანამ ხელისუფლებაში არ მოვედი, ქართულ პოლიტიკაში მიიჩნეოდა, რომ ტერმინ „სამხრეთ ოსეთის“ გამოყენება - სრული თვითმკვლელობაა... მე პირველმა გამოვიყენე ეს ტერმინი, პირველმა შევთავაზე ოსებს ღია ავტონომია, თუმცა, ამაზე ხმის ამოღებაც საშიში იყო, ანდა ითვლებოდა, რომ ეს საშიშია!“ - ეტრაბახება სააკაშვილი „ეხო მოსკვისთან“ ინტერვიუში - სოფიკო შევარდნაძესა და ვიტალი დიმარსკის 2007 წლის იანვარში. სააკაშვილმა, რომელსაც შევარდნაძის გერმანიის გამაერთიანებლის სახელი არ აძინებდა, საგანგებოდ უწოდა ცხინვალის რეგიონს „სამხრეთ ოსეთი“, რათა იგი ჩრდილოეთ ოსეთისთვის შეეერთებინა, როგორც - კოდორის ხეობას უწოდა „ზემო აფხაზეთი“, რათა  აფხაზეთისთვის მიეერთებინა.

რაც შეეხება ტერმინს „საზღვარი“ - გეთაყვა, თქვით „გამყოფი“ ანდა „სადემარკაციო ხაზი“, თქვით „ბორდელიზაცია“, როგორც ომამდე გაიძახოდით „ესკალაცია“, ახლა კი „ვიზალიბერალიზაცია“... ამისგან საზღვარი არ აორთქლდება და გადაიქცევა ადმინისტრაციულად მხოლოდ თბილისსა და ცხინვალს შორის დარეგულირების შემთხვევაში!

იმის გამო, რომ სააკაშვილის ტელეკომპანიამ მიაჩვია ქართველები ნანუკა ჟორჟოლიანის „ტვინით“ ფიქრს, არავის თბილისში  - პარლამენტშიც კი! - არ შეუნიშნავს აშკარა შეუსატყვისობანი: თუ ბანერები რუსმა მესაზღვრეებმა დააყენეს, მაშ სად არის, დანარჩენი, ჩვენთვის კარგად ცნობილი საზღვრის ატრიბუტები - მავთულხლართები, გერმანული ნაგაზები და თავად მესაზღვრეები? და რატომ გადაწყვიტა უცებ რუსეთმა ახალი ბანერების დადგმა სწორედ ახლა, ახალი ხელისუფლების დროს, რომელმაც მასთან სავაჭრო ურთიერთობები აღადგინა? თანაც, კარასინისა და აბაშიძის შეხვედრამდე 4 დღით ადრე, თუმცა, ამის გაკეთება 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, რუსოფობ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ნებისმიერ დღეს შეეძლო?! რა ღირებულებას წარმოადგენს რუსეთისთვის ეს „საწყალი“ 300 მეტრი? და განა რუსეთი რაიმეს ოდესმე „უცებ“ აკეთებდა?!

გახსოვთ, რამდენჯერ გააფრთხილა პრეზიდენტმა პუტინმა სააკაშვილი: „რუსეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მიუხედავად თვითგამორკვევის მსურველი აფხაზებისა და ოსების თხოვნისა, მაგრამ თავს არ დაესხათ მათ, რათა კოსოვოს პრეცედენტი პრეცედენტურად არ იქცეს“? გახსოვთ, როგორ გააფრთხილა რუსეთმა საქართველო, როცა სამხედრო წვრთნები „კავკასია-2008“ აგვისტოს ომამდე ცოტა ხნით ადრე მის საზღვრებთან ჩაატარა? როგორ გამოჩნდნენ რუსული გამანადგურებლები თბილისის თავზე საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისის ვიზიტისას, რაც ასევე გაფრთხილება იყო „შეუგნებელი“  სააკაშვილისა და მისი ბანდისათვის?!

რატომ გვაფრთხილებდა რუსეთი და „домашние заготовки»-ს ამზადებდა? იმიტომ, რომ ახალარჩეული პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი თავდასხმის მინისტრი ოქრუაშვილი იმუქრებოდნენ, რომ ახალ წელს ცხინვალში შეხვდებოდნენ, ერთი წლის შემდეგ სოხუმში შევიდოდნენ ახალი ავტობანით თბილისიდან, აფეთქებდნენ გზებს და აწყობდნენ იდიოტურ პროვოკაციებს ერგნეთსა და კოდორში, სადაც ჯერ დაგვამცირეს, შემდეგ კი სამარცხვინოდ გამოგვყარეს!

ასე რომ „უცებ“ და უმიზეზოდ რუსეთი არაფერს აკეთებს! გაიხსენეთ: ახალგორის რაიონში, რომელიც პატრიარქ ილია მეორესთან საუბრის შემდეგ პუტინმა ქართულ მხარეს დაუბრუნა, რატომ დაბრუნდნენ ორი დღის შემდეგ რუსი მესაზღვრეები ბანერებით, ჯავშანტრანსპორტიორებითა და შლაგბაუმით? იმიტომ, რომ სააკაშვილმა დაიტრაბახა - აქაოდა, პატრიარქი პუტინს ჩემი დავალებით ელაპარაკებოდა და ჩემი მითითება გადასცაო! თუმცა, ათობით ათასი ლტოლვილი, რომლებიც პუტინმა გალში შევარდნაძის თხოვნით დააბრუნა, დღმდე იქ რჩება, იმიტომ, რომ შევარდნაძე არ ტრაბახობდა სააკაშვილის მსგავსად, პირიქით - საჯაროდ აღიარა, რომ პუტინი სიტყვის კაცია!

თუმცა თუ არა რუსმა მესაზღვრეებმა, მაშ ვინ დააყენა ეს ბანერები?

ეს ცხინვალიდან სააკაშვილის ხალხმა გააკეთა, რომლებიც სააკაშვილზე მუშაობენ! სავარაუდოდ, სწორედ მათ, მისი დავალებით ააფეთქეს 20 იანვარს იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, ხოლო 10 ივლისს, სააკაშვილის ახალი ბრძანებით, სოფლებში - წითელუბანსა და ორჭოსანში ბანერები დადგეს! სააკაშვილი ალბათ ხელგაშლილად უხდის თავის ოს შემსრულებლებს დოლარებს, თუმცა შუამავლის მეშვეობით, კონსპირაციის მიზნით.

„თქვენ მადანაშაულებთ კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციისთვის, სადაც დღისით-მზისით ესროლეს უდანაშაულო ყმაწვილ ვაზაგაშვილსა და მის მეგობრებს?! ჰოდა, მიიღეთ - ახალი ხელისუფლების დროს მის საფლავზე მამამისი - იური ააფეთქეს!“ - ასეთია პირწავარდნილი დამნაშავე სააკაშვილის მოტივაცია.

„მწყევლით, რომ საქართველომ ჩემ გამო ტერიტორიების 20 % დაკარგა?! აი თქვენ ახალი ბანერები, რათა ყველამ დაინახოს - რუსეთი ქართულ მიწებს იტაცებს ივანიშვილი-ღარიბაშვილის ხელისუფლების დროსაც! და არა აქვს მნიშვნელობა, რომ ეს რამდენიმე ასეული მეტრია - სამაგიეროდ კარასინისა და აბაშიძის მოლაპარაკებებს ჩაგიშლით!“ - სიხარულით იფშვნეტს ხელებს დიდი პროვოკატორი, რომელსაც გასაქცევი არსად აქვს ოდესიდან.

უბედური უკრაინელები მალე დარწმუნდებიან, რომ სააკაშვილი უმეცარი და ვერაგი ცრუპენტელაა! იმის ანალოგი, რასაც სააკაშვილი უკრაინელებს ჰპირდება, მსოფლიოში არსად არ არის - არც ევროპაში, არც აშშ-ში და მით უმეტეს, საქართველოში, იმიტომ, რომ ყველა მისი „გათვლა“ - ბლეფია და ლაყბობაა „საყოველთაო კომუნიზმზე“, რომელიც კომკავშირის მდივანმა - რიგითმა სააკაშვილმა სსრკ-ის «КГБ» -ს ჯარებში (ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში) სამსახურისას ზამპოლიტისგან დაიმახსოვრა! სინამდვილეში  სააკაშვილი არ ფლობს არცერთ პროფესიას, ელემენტარულად ვერ ერკვევა სამართალში, ეკონომიკაში, სახელმწიფო მშენებლობაში და მთელი თავისი უნივერსიტეტები ექსტერნად დაამთავრა ბიძამისის - „КГБ“-ს პოლკოვნიკ თემურ ალასანიას და ინგლისური ენის ცოდნის წყალობით, რომელსაც მას ბავშვობიდან ასწავლიდა რეპეტიტორი გელა ჩარკვიანი - საქართველოს კომპარტიის პირველი მდივნის ედუარდ შევარდნაძის თანაშემწე.

მაშ ასე, გამოცდილმა პიარშიკმა სააკაშვილმა ისტერიული ფლეშმობი მოაწყო მისი ბრძანებითვე დაყენებულ ბანერებთან. სწორედ იმიტომ, რომ იცოდნენ, ეს - მათი ბელადის, და არა რუსი მესაზღვრების ნამოქმედარია, მთავარმა ნაციონალ-პარლამენტარებმა, 2008 წლის აგვისტოში საქართველოდან წითელი ხიდით რომ გარბოდნენ თავისი ცოლების საცვლებში, ასე უშიშრად ჩაატარეს მიტინგი „რუსი ოკუპანტების მიერ დადგმულ“ ბანერებთან და ინტერვიუებიც მისცეს „რუსთავი 2“-ს!

შემდეგ გამოჩნდა სააკაშვილის ახალგაზრდული ზონდერბრიგადა - „თავისუფალი ზონის“ ხულიგნები და ნაც-ჟურნალისტები მიშას მრავალნაცადი ფავორიტების - ნანუკა ჟორჟოლიანის და სააკაშვილის ბიბლიოთეკარის „შურიკა“ ბარნოვის - ხელმძღვანელობით. მათ გადააყირავეს ბანერები მიწაზე, დაასხეს საღებავები და ზედ „საომარი ცეკვის“ შესრულება დაიწყეს, ნატოსა და უკრაინის დროშებში გახვეულებმა, მრისხანე შეძახილებით! მათ კვალდაკვალ მიჰყვა რამდენიმე მუქთა გასეირნებით გახარებული ათეული სტუდენტი ლექტორებთან ერთად... სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მათ შორის იყვნენ უბრალოდ  ნაცპროპაგანდით თავგზააბნეული ტიპური ქართველებიც - ობივატელები, რომლებსაც ამბიციები და ემოციები მეტი აქვთ, ვიდრე გონიერება...

„ისინი ჩამოვიდნენ თბილისიდან, იძახეს პატრიოტული ლოზუნგები, იკეკლუცეს ტელეკამერებთან და უკან, თბილისში გაბრუნდნენ ყავის მისართმევად! ჩვენ კი აქ დავრჩით, გაღიზიანებული ოსების პირისპირ, რომლებიც შურს იძიებენ ჩვენზე - დაგვაპატიმრებენ მინდვრებში ჩვენს პირუტყვთან ერთად, რომელიც საზღვრებს არ აღიარებს, უმიზეზოდ მოგვიწყობენ საბუთების შემოწმებას - მეთოდი მრავალია!“ - ამბობენ „ნაციონალების“ პროვოკაციით უკმაყოფილო ადგილობრივი მცხოვრებლები და აბსოლუტურად მართალი არიან! სწორედ ასეთ პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი 2008 წლის 8 აგვისტომდე! ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ სააკაშვილი მაშინ ოსების პროვოკაციაზე წამოეგო! ეს ოსები წამოეგნენ სააკაშვილის პროვოკაციაზე, როცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის უფროსი, ქართული მშვიდობისმყოფლური ძალების შტაბის უფროსთან ერთად, „ჯიპებით“ ჩადიოდნენ იქ და ქვიშით სავსე ტომრებზე მწოლიარენი, ბლინდაჟებიდან ისროდნენ ავტომატებითა და ტყვიამფრქვევებით ოსების მხარეს, რომლის პოზიციებსაც მკაფიოდ ხედავდნენ ბინოკლებში! რამდენიმე ჯერის დაცლის შემდეგ ისინი გორში  - რესტორნებში დასალევად და საქეიფოდ - მიდიოდნენ, ადგილობრივ მოსახლეობას კი ოსების საპასუხო ცეცხლისგან დამალვა უხდებოდა...

რაც შეეხება საყვედურებს მოსკოვის მისამართით, რომელიც  სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის „უმადურია“: სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა არა საქართველოს, არამედ რუსეთის კეთილი ნების ნაბიჯი იყო , რომელმაც ქართულ პროდუქციაზე ემბარგო მოხსნა, რათა ქართველ გლეხებს არ გაეჩეხათ ვაზები და პლანტაციებში არ ჩამპალიყო მანდარინები! რუსეთი, რომელსაც მიუფურთხებია დასავლეთის სანქციებისთვის, როგორმე თავს გაიტანდა „ბორჯომის“, „ქინძმარაულის“ და ქართული მწვანილის გარეშეც...

ამიტომ ადამიანურად მებრალება ხანდაზმული სპეცწარმომადგენელი აბაშიძე, რომელსაც ხან ჟენევაში და ხანაც პრაღაში აგზავნიან და აიძულებენ ერთი ილაპარაკოს იქ, მეორე - აქ და მესამე - „რუსთავი 2“-ზე: წესიერი კაცია, შესაძლოა გული გაუსკდეს! ხოლო ძირეული გარდატეხა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებში მხოლოდ პუტინთან ღარიბაშვილის შეხვედრის შემდეგ მოხდება, ერთი კაცის შემწეობითა და მონაწილეობით, რომელსაც მე კარგად ვიცნობ. ვფიქრობ, რუსეთის პრეზიდენტი უარს არ იტყვის ფილანტროპ და საზოგადოებრივ ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზეც, რაც ძალიან სასარგებლო იქნება როგორც საქართველოს, ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისთვისაც. 

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2015 წლის 17 ივლისი
საქართველო, თბილისი

1-ar-0 1-ar-1
1-ar-2 1-ar-3
1-ar-4 1-ar-5
1-ar-6 1-ar-7
1-ar-8 1-ar-9