საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. შპს "მაგნატი 2006"-ის დამფუძნებლის, ჯემალ ლეონიძის მოსაზრებით, ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევის თაობაზე კონკურენციის სააგენტოს დასკვნა პროკურატურას უნდა გადაეგზავნოს.
"საქმე უნდა გადაეგზავნოს პროკურატურას და პროკურატურამ ბრალი უნდა წაუყენოს. დღესაც ყველამ იცის, რომ ისევ ის კომპანიები დომინირებენ ბაზარზე, ისევ ის კარტერული გარიგებაა, ისევ ის მონოპოლიაა. დაუკლებს ერთი ერთ თეთრს, დაუკლებს მეორე. აუწევს მეორე 5 თეთრს, აუწევს მესამე. ისევ ის მდგომარეობაა დღესაც. ძალიანაც რომ გინდოდეთ ბაზარზე შესვლა, ვერ შეხვალთ. ეს ისედაც ცნობილი იყო მაშინაც და ახლაც. კონკურენციის სააგენტომ ქაღალდზე გადაიტანა, ამას ახლა პროკურატურის მხრიდან მიმართულების მიცემა და დამტკიცება უნდა. პროკურატურა ბრალს რომ წაუყენებს ხუთი კომპანიიდან ხუთივეს, საქმე განსახილველად სასამართლოს უნდა გადაეცეს და იქ უნდა დამტკიცდეს ეს ბრალი, რომ ნამდვილად ეს ასე იყო. შემდგომში უნდა მოხდეს თანხების დაკისრება", - აღნიშნა ჯემალ ლეონიძემ.მისივე ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, გონიოდან თელავის ჩათვლით 2009 წლამდე მისი კუთვნილი 47 ავტოგასამართი სადგური ახლა "გალფის" შემადგენლობაშია.
კონკურენციის სააგენტომ ნავთობროდუქტების ბაზრის კვლევა დაასრულა და კომპანიები და ეკონიმიკური აგენტები ჯამურად 55 მილიონი ლარით დააჯარიმა.
როგორც გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ბარაბაძემ განაცხადა, სააგენტოს მოკვლევისთვის აქვს კანონით 10-თვიანი ვადა, თუმცა მან ვადაზე ადრე, 8 თვეში დაასრულა ნავთობპროდუქტების ბაზრის შესწავლა, რომელიც 2014 წლის 12 ნოემბრიდან მიმდინარეობდა.
ბარაბაძის თქმით, კონკურენციის სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნა მოცულობითია და 1 100 გვერდს შეადგენს, თუმცა მას არ აქვს უფლება დასკვნის ყველა წვრილმანზე ისაუბროს, ვინაიდან გარკვეული ნაწილი საგადასახადო კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს.
"კონკურენციის სააგენტო მივიდა დასკვნამდე, რომ 2008-14 წლებში ავტოსაწვავის სასაქონლო ბაზაზე ირღვეოდა კონკურენციის დაცვის პრინციპები. კერძოდ, მოქმედებდა ხელოვნური ბარიერები იმპორტში, იზღუდებოდა წარმოება და მოქმედებდა შეთანხმებული ფასი. აქედან გამომდინარე ბაზრის ძირითად სუბიექტებს: "ვისოლს", "რომპეტროლს", "სოკარს", "ლუკოილს", "გალფს", ასევე ეკონომიკურ აგენტებს, რომლებიც მჭიდრო სადისტრიბუციო ურთიერთობაში იყვნენ ამ ხუთეულთან, შესაბამისი სანქციები დაეკისრათ. გარდა ამისა, სანქციები გატარდა ფრენჩაიზინგის მიმღები ეკონომიკური აგენტების მიმართ", - განაცხადა ბარაბაძემ.