უცხოეთი
გერმანიაში ინცესტის დაკანონებას გეგმავენ

zarub-3საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი.  გერმანიაში, ეთიკის ნაციონალური საბჭოს სხდომის შედეგებით, შესაძლოა ინცესტი დაკანონდეს, - იტყობინება Metro.

უწყების წარმომადგენლები ინცესტის ლეგალიზაციის საკითხით დაინტერესდნენ საქსონიელი და-ძმის ისტორიის შემდეგ, რომელმაც გერმანულ საზოგადოებაში აფეთქებული ბომბის ეფექტი გამოიწვია. სხვადასხვა ოჯახში აღზრდილმა ღვიძლმა და-ძმამ ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როცა პატრიკი - 20, სიუზენი კი 16 წლისა იყო. ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ, დაქორწინდნენ, ოთხი შვილი გააჩინეს. სამი მათგანი ამჟამად თავშესაფარში იზრდება, ორი ხეიბრად არის მიჩნეული. 2005 წელს პატრიკ სტიუბინგს სისხლის აღმრევი კავშირის გამო 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. სასამართლომ მას ასევე აუკრძალა დასთან თანაცხოვრება. 2012 წლის აპრილში ევროპის სასამართლომ სტრასბურგში არ მიიღო პატრიკისა და სიუზენის სარჩელი გერმანიის კანონის წინააღმდეგ ინცესტის აკრძალვის შესახებ.

ამჟამად, გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით, სექსუალური კონტაქტები ძმებსა და დებს, ანდა მშობლებსა და შვილებს შორის, აკრძალულია. კანონის დამრღვევებს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ეთიკის საბჭოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღეს გერმანიაში ბევრია ახლო მონათესავე წყვილები, რომლებიც ინცესტის აკრძალვის გამო ერთ ჭერქვეშ მალულად ცხოვრობენ. ჩინოვნიკების თქმით, გენეტიკური გადახრების მქონე ბავშვები შეიძლება გაუჩნდეთ იმ წყვილებსაც, რომლებიც არ არიან ნათესავები, თუმცა მშობლებს ამის გამო არავინ სჯის.

ჩატარებულ კენჭისყრაზე ეთიკის საბჭოს 14 წევრმა მხარი დაუჭირა მოქმედი კანონის გაუქმებას. წინააღმდეგი აღმოჩნდა 9 წევრი, ხოლო ორმა თავი შეიკავა.