აქტუალური
„ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან წამებაში ან ინფორმაციას წამების შესახებ მალავდნენ, ასეთი ადამიანების ადგილი აქ არ არის!“ - თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სერგო თეთრაძის მეუღლეს და ადვოკატს შეხვდა (ვიდეო)

1-tetr-aqtual-1საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში გარდაცვლილი პოლკოვნიკის, სერგო თეთრაძის მეუღლე და ადვოკატი თავდაცვის უწყებაში მიიღო (ვიდეო იხ. აქ).

გარდაცვლილის მეუღლემ ნანა თეთრაძემ და ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ მინისტრს სერგო თეთრაძის საქმით დაინტერესების გამო მადლობა გადაუხადეს. შეხვედრაზე გარდაცვლილი ოფიცრის ადვოკატმა თავდაცვის მინისტრს სერგო თეთრაძის წამებასთან დაკავშირებული პირების სია გადასცა, პოლკოვნიკ თეთრაძის მეუღლემ თინათინ ხიდაშელს კი თავდაცვის უწყების იმ თანამშრომლების კადრების განკარგულებაში გადაყვანა სთხოვა, რომლებიც რაიმე სახით სერგო თეთრაძის წამებასთან არიან დაკავშირებული.

ამ სამინისტროში არცერთი ადამიანი არ დარჩება, ვისი აქ მუშაობაც შესაძლოა თავდაცვის სამინისტროს პრესტიჟს, ღირსებას ზიანს აყენებდეს. ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ან პირადად წამებაში ან ჰქონდათ ინფორმაცია სამინისტროს შენობაში წამების შესახებ და ამ ინფორმაციას საკუთარი კეთილდღეობის გამო მალავდნენ, ასეთი ადამიანების ადგილი აქ არ არის“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.