საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. საბერძნეთში საქართველოდან ჩასული კრიმინალური ავტორიტეტები ნარკოტიკებით ვაჭრობით და პორტებზე კონტროლის დაწესებით არიან დაკავებულები. ამის შესახებ იტალიური გაზეთი La Stampa წერს.
იტალიური გამოცემა აღნიშნავს, რომ საბერძნეთი ძლიერი პოსტსაბჭოთა დანაშაულებრივი დაჯგუფებების გავლენის ქვეშ მოექცა.
"კრიმინალური დაჯგუფებები საბერძნეთს იყენებენ, რათა სხვა ქვეყნებში, მათ შორის იტალიაში ჩაიდინონ დანაშაული, მათ კანკარგულებაში საკმარისი ფულია, რათა საბანკო სექტორი იყიდონ და ადგილობრივი ხელისუფლება კორუფციულ საქმიანობაში ჩართონ”, – აღნიშნულია სტატიაში.იტალიური გამოცემა აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში სააქართველოდან ბევრი დამნაშავე საბერძნეთში გაიქცა, სადაც ადვილია პასპორტის ყიდვა, ხელისუფლების მოქრთამვა და სადაც ადგილობრივი მაფია არ არსებობს. მთლიანობაში საბერძნეთში დღეს 100-ზე მეტი ე.წ. კანონიერი ქურდი იმყოფება. La Stampa წერს, რომ მაფიოზური დაჯგუფებები ღამის კლუბებისა და სპეციალიზებულ ეთნიკურ დისკოთეკებს არეკეტებენ. ეს, ძირითადად, ათენსა და სალონიკში ხდება. თუმცა მათი გავლენა ეკონომიკის სხვა სფეროებზე, ასევე ნარკობიზნესზე ვრცელდება.
ჟურნალისტი ფედერიკო ვარეზე წერს, რომ თითოეული კანონიერი ქურდის დაქვემდებარებაში 10-დან 20 ადამიანამდე შედის. მთლიანობაში ეს რამდენიმე ათასი დამნაშავისგან შემდგარი არმია გამოდის.
“საბერძნეთი არის „ბალკანური ღერძის“ ნაწილი, რომლის გავლითაც ევროპაში აზიური ჰეროინი ჩადის. ქართველი ბოსები უკვე ცდილობენ, კოკაინის ბაზარზე გასვლას და ამისთვის სხვა დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან მჭიდრო კავშირებს ამყარებენ. ამ გეგმის ნაწილია გემების შეძენა და პორტების ხელმძღვანელების მოქრთამვა, რათა საბერძნეთი ევროპაში კოკაინის ჩატანის მთავარ ცენტრად აქციონ – მხოლოდ გასულ თვეში ათენში 3,5 ტონა კოკაინი იყო ამოღებული“, – წერს La Stampa.