რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: მე ვიცი, სად დევს 1 მილიარდი დოლარი! ბატონო ბიძინა და ბატონო ირაკლი, აიღეთ ეს ფული და გახადეთ თბილისი იმაზე უკეთესი, ვიდრე სააკაშვილამდე იყო!

1-Arno-pol-1-red-1-ეს - არც პუბლიცისტიკაა და, მით უფრო, არც ხუმრობა, რადგან მხოლოდ ნაძირალა სააკაშვილისა და მისი ნაცზოოპარკისთვის შეიძლება იყოს 13 ივნისის ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციების, პიარისა და ხუმრობის საგანი! ეს გახლავთ საქმიანი წინადადება ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილისადმი - საზოგადოებრივი ლიდერისა და საქართველოს პრემიერ–მინისტრისადმი.

ბატონებო!

მოგეხსენებათ, თბილისსა და შემოგარენში კატასტროფის შედეგების ლიკვიდაცია ოფიციალურად დათვლილ 100 მილიონ ლარზე გაცილებით ძვირი დაჯდება, რომ აღარაფერი ვთქვათ შეუფასებელ და აუნაზღაურებელ დანაკლისზე - 20 დაღუპულ ადამიანზე… ვერ გავაცოცხლებთ ღვთის უტყვ ქმნილებებსაც - ზოოპარკის ყველასათვის საყვარელ ცხოველებსა და ელიზბარაშვილის თავშესაფრის ძაღლებს.

მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ბოროტმოქმედნი, რომლებმაც ადამიანების დაღუპვა და უზარმაზარი მატერიალური ზარალი გამოიწვიეს, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებოდნენ. აკი, 13 ივნისის თავსხმა წვიმა სტიქიურ უბედურებად სწორედ წინა ხელისუფლების იმ ჩინოსანთა გამო იქცა, რომლებმაც ვერეს ხეობაში ტექნიკურად დაუსაბუთებელი სამშენებლო პროექტი განახორციელეს – პირადი ანგარებისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" უკანონოდ დაფინანსებისთვის!

სამწუხაროდ, მთავარი დამნაშავე ჯერჯერობით დაუძვრა ქართულ მართლმსაჯულებას და მემკვიდრეობად დაგვიტოვა სხვა ქმნილებებიც – შუშის ხიდი და რიყეზე ორი ვითომ გადაყირავებული დოქის ფორმის საკონცერტო დარბაზი, რომელთა დემონტაჟი რატომღაც დღემდე არ მომხდარა...

და მაინც, ზარალის კომპენსირება სააკაშვილის თანამონაწილეებს თავისუფლად შეუძლიათ! 13 ივნისს კატასტროფის შედეგები ლიკვიდირებული უნდა იქნეს ქვეყნის ყოფილი მბრძანებლების მიერ ნაქურდალი ფულით! ანუ ქართველი ხალხის ფული ქართველ ხალხსვე უნდა დაუბრუნდეს! დიახ, თბილისის აღდგენა და დაზარალებულთა კომპენსაციები მძიმე ტვირთად არ უნდა დააწვეს ცენტრალურ და დედაქალაქის ბიუჯეტებს! არც ბიძინა ივანიშვილმა უნდა ხარჯოს თავისი ფული, როგორც უკვე დაგვპირდა, რადგან სახეზეა ნაციონალების მიერ ხალხისგან მიტაცებული, სულ ცოტა, 1 მილიარდი დოლარი!

საქართველოს ასევე არ სჭირდება ევროკავშირისა და აშშ–ის დახმარებაც, რის სანაცვლოდაც გთავაზობთ:

  • სრულიად საქართველოში აიკრძალოს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავისი მრავალრიცხოვანი სატელიტებით, უპირველესად, "თავისუფალი ზონის" სახით. დაყადაღდეს ყველა მათი პარტიული, ფიქტიური იურიდიული თუ საიდუმლო ფიზიკური პირების ანგარიშები, ხოლო ამ ანგარიშებზე არსებული თანხები გადაირიცხოს საგანგებოდ გახსნილ ანგარიშზე "მე მიყვარს თბილისი".
  • აუქციონზე იქნას გატანილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისი, აგრეთვე საქართველოს ყველა რეგიონსა და რაიონში არსებული ოფისების ქონებითურთ – ტრანსპორტით, კომპიუტერული ტექნიკით, ავეჯით. გაყიდვიდან შემოსული თანხა ასევე გადაირიცხოს საგანგებოდ გახსნილ ანგარიშზე "მე მიყვარს თბილისი".
  • დაყადაღდეს სააკაშვილის ყველა ანგარიში და მოხდეს მისი და მისი ოჯახის ქონების კონფისკაცია. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს კარგად ესმის, რომ საქართველოში გააკულაკებენ, ამიტომ ნაუცბათევად შეავსო დეკლარაცია ოდესაში, რომლის მიხედვითაც მის საბანკო ანგარიშზე სულ 95 ათასი დოლარია, მისი ოჯახის ანგარიშზე კი – 61 ათასი ევრო. ამასთან, დეკლარაციაში მილიარდერმა სააკაშვილმა მიუთითა 2 მიწის ნაკვეთი, 97 კვ.მ–ის ფართის სახლი ყვარელში და 154 კვ.მ–ის ფართის ბინა თბილისში. იქნებ უკრაინის მოქალაქესა და ოდესის ოლქის გუბერნატორს გადასახადებისთვის თავის არიდება სურს და ამიტომაც "დაავიწყდა"  დეკლარაციაში თავისი უცხოური ანგარიშების, სახლებისა და ქონების ჩვენება საქართველოში, ევროპასა და აშშ–ში, სადაც ის მარტო იაკობაშვილისგან ყოველთვიურად 200 ათასს დოლარს ღებულობს?! ეს ძალიან ჰგავს იმ კაცის საქციელს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტობისას გზას იპარავდა - არალეგალური მილი, რომელიც ავლაბრის რეზიდენციასთან იყო მიერთებული, მხოლოდ საქართველოდან მისი გაქცევის შემდეგ აღმოაჩინეს! მაგრამ ჩვენ არ „ჩავუშვებთ“ სააკაშვილს უკრაინის ფინანსურ პოლიციასთან – მოვახდენთ მხოლოდ იმის რეალიზებას, რაც მას საქართველოში დარჩა: ანგარიშები, ყვარლის სახლი და ვენახები, ტელეკომპანია "რუსთავი 2" და ოჯახის წილები სხვა ბიზნეს–კომპანიებში. გავყიდოთ ეს ყველაფერი აუქციონზე და შემოსული ფული გადავრიცხოთ ისევ და ისევ სპეციალურ ანგარიშზე "მე მიყვარს თბილისი".
  • შევთავაზოთ ყველა კორუმპირებულ ჩინოვნიკს, სააკაშვილის სამეფო კარის ბანკირსა და ბიზნესმენს – ერთი კვირის ვადაში დაუბრუნონ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მოპარული ყველა თანხა, გადასახადებისაგან დამალული შემოსავლები, "ატკატები" "მოგებული" ტენდერებიდან, გრანტები, დრაკონული საბანკო პროცენტები და ქონება, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა განსაკუთრებული ნაც–ანალური დამსახურებისთვის აჩუქა. დაე თავად გადარიცხონ ფული სპეციალურ ანგარიშზე "მე მიყვარს თბილისი", თავად გაყიდონ თავისი უძრავი ქონება, მიწები, ბანკები და ბიზნესები! ამის გამკეთებლებს სრული ანონიმურობის გარანტია უნდა მივცეთ და გათავისუფლდნენ სისხლის სამართლებრივი დევნისაგან – ყველა, სააკაშვილის გარდა! ხოლო ვისაც ნაქურდალ ფულსა და სახლებთან განშორება გაუჭირდება, პენიტენციარულ „კურორტებზე“, ამასთან, სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე იქნება გადაყვანილი!
  • ლიკვიდირებულ იქნას საპრეზიდენტო ფონდი და მოხდეს სააკაშვილი–მარგველაშვილის ავლაბრის სასახლის ასევე აუქციონზე გაყიდვა სპეციალური ანგარიშის "მე მიყვარს თბილისი" შესავსებად – რატომ არ იქცა ჩვენთვის გაკვეთილად სააკაშვილის მიერ ორგიებზე დახარჯული ათობით მილიონი საპრეზიდენტო ფონდიდან?! მართლაც, როცა საქართველო გასაჭირშია, რატომ აქვს საქართველოს პრეზიდენტს თავისი ფონდის ანგარიშზე ათობით მილიონი და საკუთარი სასახლე, რომელსაც ჯიუტად არ ტოვებს ქართველი ხალხისთვის ეგზომ მძიმე ჟამსაც?! განა პრეზიდენტის ინსტიტუტი სახელმწიფოა სახელმწიფოში?! განა პრეზიდენტი თავისი ხალხის ოპოზიციაში უნდა იყოს?!

ბატონო ირაკლი!

ვფიქრობ, უკვე საკმაოდ გადავაბიჯეთ 1 მილიარდიან ზღვარს. შესაძლებელია თბილისის ძალიან სწრაფად აღდგენა და არნახულად დამშვენება, ვიდრე ის იყო არამარტო 2015 წლის ივნისამდე, არამედ 2003 წლის ნოემბრამდე!

ბატონო ბიძინა!

მიმაჩნია, რომ სპეციალური ანგარიშიდან "მე მიყვარს თბილისი" სახსრების მიზნობრივ გახარჯვაზე კონტროლი საკუთარ თავზე უნდა აიღოთ პირადად თქვენ და თქვენმა ორგანიზაციამ "მოქალაქე".

ღრმა პატივისცემით,
არნო ხიდირბეგიშვილი, თბილისელი
2015 წლის 29 ივნისი
„ასავალ - დასავალი“ №26