პოლიტიკა
პრემიერმა ღარიბაშვილმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალს „ოქროს საწმისის“ ორდენი გადასცა

1runo-polit-3საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. მთავრობის მეთაურმა გუშინ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ჰენრი კერალთან, რომელსაც საქართველოში საქმიანობის მისია ამოეწურა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  ჰენრი  კერალის უშუალო ჩართულობით,  მსოფლიო ბანკმა ქვეყნის განვითარების, ეკონომიკის პროდუქტიულობის ზრდის და  მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების კუთხით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა და დღემდე ახორციელებს. მათ შორის არის –  საგზაო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, რეგიონული განვითარების და სოფლის მეურნეობის  მხარდაჭერის კუთხით მიმდინარე პროექტები.

პრემიერ–მინისტრის განცხადებით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს  ქვეყნის ერთ-ერთი საკვანძო ინფრასტრუქტურული პროექტის  - აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა/რეაბილიტაცია, რომლის ძირითადი მიზანია დააკავშიროს ქვეყნის დედაქალაქი და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რეგიონები დასავლეთ საქართველოში მდებარე საპორტო, რეკრეაციულ და ტურისტულ ცენტრებთან.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ჰენრი კერალს გაწეული საქმიანობისთვის.