უცხოეთი
სკანდალი! აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო საფრანგეთის ბოლო სამ პრეზიდენტზე ჯაშუშურ მოსმენებს ახორციელებდა!

1sleJka-zar-1-analitსაქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო 2006-2012 წლებში საფრანგეთის პრეზიდენტებს - ჟაკ შირაკს, ნიკოლა სარკოზისა და ფრანსუა ოლანდს უთვალთვალებდა.

ამის შესახებ „ვიკილიქსის" მიერ გავრცელებულ დოკუმენტებშია ნათქვამი, რომელსაც „თვალთვალი ელისეს სასახლეზე“ ჰქვია.

"ბიბისის" ცნობით, დოკუმენტები შეიცავს საფრანგეთის პრეზიდენტების, მინისტრებისა და საფრანგეთში აშშ-ის ელჩების შესახებ მასალებს.

ერთ-ერთი დოკუმენტი 2012 წელს ფრანსუა ოლანდის მიერ საბერძნეთის ევროზონიდან შესაძლო გასვლის შესახებ საუბარს ეხება. კიდევ ერთი დოკუმენტი კი 2011 წელს ნიკოლა სარკოზის მიერ ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში აშშ-ის ჩაურთველობას ეხება.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ფრანსუა ოლანდმა თავდაცვის საბჭოს სხდომა მოიწვია. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ კი გავრცელებული დოკუმენტების საპასუხოდ, ოლანდის მოსმენა უარყო.

აშშ-ის სპეცსამსახურებს აქამდე გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თვალთვალშიც სდებდნენ ბრალს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ელისეს სასახლეში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია, რომელზედაც საერთაშორისო სკანდალი უნდა იქნას განხილული.

აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ნეგ გრეისმა განაცხადა, რომ პრეზიდეტი ოლანდი არ არის და არ იქნება შეერთებული შტატების სამიზნე. სკანდალთან დაკავშირებით კომენტარები გაკეთდა ნიკოლა სარკოზის გარემოცვიდანაც. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი დაუშვებლად მიიჩნევს მოკავშირეების მოსმენას, რაც შეეხება შირაკს, მისმა წარმომადგენლებმა ჯერჯერობით კომენტარზე უარი განაცხადეს.