პოლიტიკა
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა

1women-polit-2საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ მიმართვას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: „2015 წლის 10 ივნისს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს  საკანონმდებლო წინადადება წარუდგინა, რაც პარტიების მიერ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე წარდგენილ პროპორციულ სიებში 50%-იან კვოტირებას გულისხმობს. აღნიშნული ცვლილება პარლამენტში ქალთა მინიმუმ 25%-იან წარმომადგენლობას უზრუნველყოფს.

მიუხედავად ფინანსურად წამახალისებელი ნორმისა, რომელსაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონი ითვალისწინებს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქალებმა მანდატების მხოლოდ 12% მოიპოვეს, შესაბამისად საკანონმდებლო ორგანოში გენდერული ბალანსის თვალსაზრისით 185 ქვეყნიდან საქართველო 115-ე ადგილს იკავებს. 2014 წლის თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებმაც გენდერული უთანასწორობის საგანგაშო სურათი წარმოაჩინა. 12 თვითმმართველი ქალაქის მერიდან ყველა კაცია, ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილი 69 გამგებლიდან მხოლოდ 2 ქალია, ხოლო საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობა მხოლოდ 11.6%-ს შეადგენს“.