საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო: „წყალი ადინეთ 2-3 წუთის განმავლობაში, დააყოვნეთ სუფთა ჭურჭელში და შემდეგ გამოიყენეთ სასმელად“

water-sazog-1საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლო რისკების თავიდან აცილების მიზნით, გრძელდება წყლის სინჯების კვლევა თბილისის სხვადასხვა უბანში.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ წყნეთის ქუჩაზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, კოსტავას ქუჩასა და ბაგებში, წყნეთის გზატკეცილზე აღებული წყლის სინჯები შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.

სინჯები აღებულია ასევე სვანიძის, ატენის, გაბაშვილის, გედევანიშვილის, დოლიძის, ქარელის, ლიხაურის, ჩიქოვანის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების ქუჩებიდან.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი, რასაც მოსახლეობას დამატებით ვაცნობებთ.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" პრევენციის მიზნით ახორციელებს ორმაგ დაქლორვას", - ნათქვამია, კერძოდ, აღნიშნულ ინფორმაციაში.