საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. დიდ ქართველ პოეტსა და ქართული სიტყვის ოსტატს, არაერთი ქართული და უცხოური პრემიისა და ორდენის მფლობელს, ბატონ რეზო ამაშუკელს დღეს 79 წელი შეუსრულდა.
საქინფორმი ულოცავს ბატონ რეზოს დაბადების დღეს და უსურვებს მისთვის დამახასიათებელი შეუპოვრობით მართალი სიტყვის სადარაჯოსთან დგომას, დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას სამშობლოს სიყვარულისთვის თავგანწირულ ბრძოლაში!რეზო ამაშუკელი: “VIA DOLOROSA”
“ღამით მაძღრები დაწვებით…”
ვაჟა
…მივყვები უხმოდ
ამ ვიწრო ქუჩას,
აქეთ და იქით
ახორხლილა ჭრელი დახლები,
ვერცხლის სურებით,
ფარდაგებით,
კრიალოსნებით…
ირგვლივ ტრიალებს
მოხალული ყავის სურნელი…
- “ხალას”:
არაბი კვლავ მთავაზობს
ჯვრებსა და ხატებს,
რადგანაც მიცნო, მიმამგვანა,
ვარ ქრისტიანი!
- ვარ კი ნამდვილად?!
მე ნათრევი ავაზაკებში,
ამ ქვეყნით ტკბობას
დაძალებულ-დახარბებული,
სტომაქის მონა ფეხმორთხმული
და კუზიანი?!
- გვიანღა არის, მეგობარო,
აწი თვითგვემა,
მოახლოებულ სიკვდილის შიშით!..
- Via dolorosa
მე არაერთხელ
გამივლია ამ ვიწრო ქუჩით.
ახლაც აქა ვარ
და ჩემს თავს ვტირი.
- რა მოკლე გზაა გოლგოთამდე,
რა მოკლე გზაა!
- ვის არ უვლია ამ ქვაფენილით,
რომ პატიების შვება ეგრძნო,
ჩამოეხსნა ცოდვის ხურჯინი!
ან რა შეიგნო,
რა გაიგო ადამის მოდგმამ?
- პირიქით,
უფრო გამხეცდა და უფრო გაავდა!
ტაბუდადებულ სკივრებიდან
ამოყარა, გაამზეურა,
ამაზრზენი, მღვრიე სიზმრები…
…და მეჩვენება:
მეც იმ ბრბოს მივდევ,
ვინც წყევლა-კრულვით,
ქვების სროლით სდია მაცხოვარს,
სანამ არ გაძღა ცოდვის ხილვით,
ჯვარცმის ყურებით!..
- ო, რაბი, რაბი!
ბარაბაა ყველა ჩვენგანი,
ჩაჩერებული
პირდაღებულ საფლავის მიწას!..
- Via Dolorosa!
…ამ ვიწრო ქუჩით
გოლგოთამდე ისე მივიდა,
საყვედურიც არ დასცდენია!
მხოლოდ ჯვარზე,
ჯვარზე გაკრულს აღმოხდა მწარედ:
- “ელი, ელი, ლამა საბაქთანი!”"
ეს იყო და ეს…
…და დაჰკიდა ეკლიანი გვირგვინით თავი…
- ვის,
ვის დასცდება
ვინ იტყვის, რომ მოინანია?
სხვის დასანახად მორწმუნენო,
ქრისტიანენო!
უფალს მაშინ თუ გაიხსენებთ,
როდესაც გიჭირთ,
მუხლზე დადგებით პირჯვრის წერად:
- “ღმერთო მიშველე,
მიშველე და დამიფარეო!”
ხოლო როდესაც
მიუსხდებით შემწვარ ერკემალს,
ან ძუძუს ლოშნით
ნაღვინევ და დორბლიან ბაგით,
- სად არის ღმერთი?
რად არ გახსოვთ მაშინ უფალი?!
მეც თქვენნაირი ღორი ვარ და მიტომაც ვტირი,
ჩემს თავს ვტირი, ჩემს თავს ვტირი,
მარად მშიშარი!..
მე, ძვლების გროვა,
ნაცოდვილარ ხორცით ასხმული…
- ტყუილია,
ტყუილია ის სათნოება,
და ეს სიმართლეც ტყუილია,
თქვენ რომ მთავაზობთ!
ნაღდი,
გულწრფელი, თეოა მხოლოდ,
- საწყალი თეო!
ტრიალ მინდორში ხეზე ასული,
რომ გაჰყმუის მთელ სამყაროს:
- “ქალი მინდა,
ქალი მინდაო!”
- Via Dolorosa
…მე ვერ ვივარგებ,
ვერ ვივარგებ აღსარებისთვის.
გვიანღა არის აწ თვითგვემა
მოახლოებულ სიკვდილის შიშით…
P.S.
არ დაგნამვიათ ღაწვები
მოყვასის მონატრებითა.
- “ღამით მაძღრები დაწვებით,
დილით მშივრები დგებითა!”
ცრემლებში ამონაწები
ცოდვა გდევთ დაბადებიდან…
- “ღამით მაძღრები დაწვებით,
დილით მშივრები დგებითა!”
არც შუბლზე ზეთის წაცხებით
არ იხარჯებით ბეჯითად,
- “ღამით მაძღრები დაწვებით,
დილით მშივრები დგებითა!”
მხოლოდ მაშინ ხართ მაგრები,
თუ იმყოფებით კრებითად…
- “ღამით მაძღრები დაწვებით,
დილით მშივრები დგებითა!”
მუნ სხვისი სევდით დათვრებით
და არა გახარებითა.
- “ღამით მაძღრები დაწვებით,
დილით მშივრები დგებითა!”
მეც ღვთის გლახა და საწყალი,
ავაზაკებში ნაგდები,
ღამით დავწვები მაძღარი,
დილით მშიერი ავდგები!
…ვაი, რომ მწიფდა ნიადაგ
ცოდვით დამტკბარი მტევანი
- ვაი, რომ დამაგვიანდა
გულმკერდზე მჯიღის რტყმევანი…
24.10.2000