პოლიტიკა
"მემორიალი მუდამ შეახსენებს თაობებს იმ დიდი უბედურების შესახებ, რომელიც 13 ივნისს თავს დაატყდა თბილისს" - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია"ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარე რიმა ბერაძის განცხადება

polit-1საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. „13 ივნისის ტრაგედია ეს არის ქვეყნის ტკივილი, რომლის მოშუშებაც შეუძლებელია. ტრაგედიამ გამოუსწორებელი ზიანი მოგვაყენა.  ჩვენ დავკარგეთ შვილები, დები, ძმები, დედები და მამები, რომლებსაც გლოვობს ერი და ბერი, სრულიად საქართველო ვგლოვობთ ჩვენს დაღუპულ თანამემამულეებს.

დაღუპულები, დაკარგულები, დაზარალებულები, დანგრეული ინფრასტრუქტურა - ეს არის სტიქია, რომელმაც სრულიად საქართველო შეძრა. თუმცა, ამავდროულად, ეს არის ქვეყანაში გმირობის, თანადგომის და სოლიდარობის მაგალითი. მაგალითი იმისა, თუ როგორ ძალუძს ქართველ ერს, მხარში დაუდგეს გაჭირვებაში მყოფ მოყვასს.

„რა მნიშვნელობა აქვს მე მოვკვდები თუ ის“ - ეს იმ რიგითი გმირის პათოსია, რომლითაც იყვენ გამსჭვალულნი ის ადამიანები, სტიქიის ადგილზე დაზარალებულთა დასახმარებლად რომ დაიძრნენ მთელი ქალაქის მასშტაბით. სახელმწიფოს და ქალაქის მთავრობის მყისიერი რეაგირება, ხელისუფლების სწორი მართვა, მუნიციპალიტეტის მერიის სწორი გადაწყვეტილებები, სახელმწიფოს ყველა უწყების კოორდინირებული მუშაობა, 112-ის სამაშველო ბრიგადების დაუღალავი შრომა - ეს ის ფუნქციური ერთეულებია, რომელთა დაუღალავმა შრომამ გამოიღო შედეგი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის გამოსასწორებლად. თუმცა, კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და ვიმედოვნებთ, რომ ერის ერთსულოვნებით და ურთიერთთანადგომით, ყველანი ერთად მოვახდენთ ჩვენი ქალაქის რეაბილიტაციას. თბილისის მუნიციპალიტეტის 25-ვე სამაჟორიტარო ბიურო საგანგებო რეჟიმში მუშაობდა მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით და მხარში ედგა სახელმწიფო სამსახურებს.

თითოეული ამ დარგის თანამშრომელმა, იქნებოდა ეს მაშველი, მეხანძრე თუ პოლიციელი, უდიდესი შრომა გასწია. მოხალისეები, მოსწავლეები, სტუდენტები, შშმ პირები, უცხოელები, განურჩევლად ასაკისა და შესაძლებლობისა, საქართველოს მოქალაქეები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შემდგომ დედაქალაქის გაწმენდით სამუშაოებში.

კონსოლიდაცია, ურთიერთთანადგომა და ურთიერთსიყვარული - ყოველივე ეს ის უმნიშვნელოვანესი ღირებულებებია, რომლებმაც საზოგადოებაში ერთსულოვნების სამაგალითო პრეცენდენტი შექმნა.

ჩვენ ვერასდროს დავივიწყებთ იმ დაკარგულ სიცოცხლეებს, რომლებიც დაუნდობელმა სტიქიამ წაგვართვა. ისინი სამუდამოდ ჩვენს გულებში დარჩებიან. მათი სახელების უკვდავსაყოფად შეიქმნება მემორიალი, რომელიც მუდამ შეახსენებს თაობებს იმ დიდი უბედურების შესახებ, რომელიც 13 ივნისს დატრიალდა და მოუშუშებელი ტკივილი დატოვა ჩვენს გულებში.

ამ დიდი ტრაგედიის ფონზე ჩვენ დავინახეთ ქართველი ერის ერთსულოვნება და ახალგაზრდების თავდადება, რაც აუცილებლად მიგვიყვანს იმ გზამდე, რასაც ქვეყნის თავისუფალი განვითარება ჰქვია და ჩვენი ქვეყნის ბედნიერი მომავლის გარანტიაა“.