სამართალი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2014 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მოცემულია საქართველოში ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით განხორციელებული ღონისძიებები

samart-3საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. ანგარიშში პოზიტიურად აისახა ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება, საქართველოს პრემიერ–მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ე. წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლი გლობალური კოალიციის ურყევი მხარდაჭერა, ე. წ. უცხოელი ტერორისტი მებრძოლების ფენომენთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფისკენ გადადგმული ნაბიჯები, თურქეთთან სახელმწიფო საზღვარზე დოკუმენტების უსაფრთხოების ზომების გაძლიერება, ტერორისტული დანაშაულების კრიმინალიზაციის გაფართოება და დახვეწა, ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის შექმნა, ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესება, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების მიზნით სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის ბიომეტრიული პასპორტების გაცემა, გაეროს მიერ ტერორისტების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების იმპლემენტაცია და სანაპირო დაცვის გაძლიერება.

ამერიკის მხარე მიესალმება 2014 წლის მარტში საქართველოს მთავრობის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცებას.

ანგარიშში დადებითად შეფასდა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ზომები.