პოლიტიკა
საქინფორმი: საფრანგეთი საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემებს თუ ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ელემენტებს მიაწოდებს? - ლე ბურჟეს საავიაციო გამოფენის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ფრანგულ მხარეს შორის კონტრაქტს მოეწერა ხელი

polit-3-analit-8„საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავსტრიიდან საფრანგეთში გაემგზავრა. თინათინ ხიდაშელი პარიზის 51-ე საერთაშორისო სამხედრო-საავიაციო შოუს დაესწრო.

გაფორმდა ხელშეკრულება, რომელზეც ამდენი საუბარი იყო საქართველოში. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ორ წინამორბედ მინისტრს იმისთვის, რომ ეს პროცესი დაიწყეს, წარმართეს და მე მერგო პატივი, რომ პროცესი დამესრულებინა, ხელშეკრულებისთვის საბოლოო ფორმა მიგვეცა და ხელი მოგვეწერა... შესაძლებლობა, რომელიც გაუჩნდა საქართველოს არის უმნიშვნელოვანესი მისი თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის... პირობები არის მაქსიმალურად მომგებიანი ჩვენი ქვეყნისთვის. ხელშეკრულებაც ძალიან წარმატებულია“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ავია-შოუზე წარმოდგენილი ტექნიკა დაათვალიერეს.

საქინფორმი: კონკრეტულად თუ ვისთან მოეწერა ხელი შეთანხმებას (ვინ წარმოადგენდა ფრანგულ მხარეს) და რას ითვალისწინებს იგი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საიდუმლოების დაცვის მიზნით, არ ახმაურებს. ცნობილია მხოლოდ, რომ ის ეხება საფრანგეთთან თანამშრომლობას საქართველოს საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფის მიზნით, რის შესახებაც პირველად „თვითნებურად“ განაცხადა საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრმა ირაკლი ალასანიამ ნატოს უელსის სამიტზე. ამ საკითხის პრეზენტაციამ მაშინ ხმაურიანი ინსინუაციები გამოიწვია - ალასანიას სიტყვებზე დაყრდნობით, პრესა იუწყებოდა, რომ თითქოს მას დაურეკეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით და ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკებების შეწყვეტა ურჩიეს. ეს სკანდალი თავდაცვის მინისტრის პოსტზე ალასანიას მემკვიდრე მინდია ჯანელიძეს, რომელმაც  თითქოსდა უშუალოდ დარეკა მასთან, თანამდებობის ფასად დაუჯდა -  და ის ეროვნული უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელად გადაიყვანეს. თუმცა, მომდევნო მინისტრი, დანიშვნისთანავე ალასანიას შეხვდა (თავის უნივერსიტეტელ თანაკურსელს) და განაცხადა, რომ მის საქმეს გააგრძელებს და მალე ხელს მოაწერს ამ შეთანხმებას. რაც განხორციელდა კიდეც გუშინ, 2015 წლის 16 ივნისს.

შეიძენს თუ არა საქართველო საფრანგეთის მიერ მიწოდებულ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის  ძვირადღირებულ საშუალებებს, თუ საქართველოში ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ელემენტები განთავსდება? ამის შესახებ, მიუხედავად გასაიდუმლოებისა, ჩვენ ძალიან მალე შევიტყობთ, მათ შორის, რუსეთის რეაქციით.